ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2016 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს 2016 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 2016 წელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით ბოლნისისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო.
,,მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელი ქვეყნაში გამოირჩეოდა დემოკრატიული პროცესებით. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი წარმატებული ტესტი ჩააბარა, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნების გზით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დააკომპლექტა. ვადამდელ გამგებლის არჩევნებში კი ბოლნისის მოსახლეობის 95 %-მა გამომიცხადა ნდობა, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს თითოეული თქვენგანის წინაშე. მინდა ყველა იმ ადამიანს პირადად გადავუხადო მადლობა, რომლებმაც უდიდესი ნდობა გამოგვიცხადეს. 2016 წელს შევაფასებდი, როგორც მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის წლად. გასული 2016 წელი ბოლნისისთვის იყო ნაყოფიერი, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. განხორციელდა არაერთი პროექტი, რომლებიც მოსახლეობისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნას გულისხმობს. ასევე წარმატებით განხორციელდა სოციალური პროგრამები.მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, თქვენთან ერთად, მიმდინარე წელსაც წარმატებით გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას”, – განაცხადა გამგებელმა.
დავით შერაზადიშვილმა გამგეობის სამსახურებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი კერძო სამართლის იურიდიული პირების ეფექტურ მუშაობაზე ისაუბრა და აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოლიდურ სოციალურ პროგრამებზე გააკეთა. ასევე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტში კულტურისა და სპორტის მიმართულებების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. მოხსენება ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პარალელურად პროექტორზე დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ფოტოკოლაჟი უჩვენეს. მოხსენების დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. საკრებულოს დეპუტატებმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში მოიწონეს და მის ცნობად მიღებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები