პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში – ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო. საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას ემსახურება.
„ყოვლად აღმაშფოთებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება გადასასვლელების დაკეტვას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გაყოფისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს არ მისცეს დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობის საშუალება, ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების ჩამოცილებას საქართველოსგან. საქართველოს პრეზიდენტი იმთავითვე გამოეხმაურა ამ პროცესს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან აქტიური ჩართულობისკენ.
ბუნებრივია, რომ ეს აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია რუსეთის იმ ნაბიჯების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას და დაცილებას საქართველოსაგან”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.