როგორ გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილები – ვინ არის ღამის ნოტარიუსი და რა კავშირი აქვს მას გახმაურებულ საქმეებთან

როგორ გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა 2004 წელს “რუსთავი 2”-ის წილები”, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც სტატიაში წერია, მართალია, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია, თავად ქიბარ ხალვაშმა რამდენად კეთილსინდისიერად მიიღო ტელეკომპანიის წილები 2004 წელს, როდესაც არხის დამფუძნებლებს – დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ნოტარიუს ნუნუ გინტურის სანოტარო ოფისში საკონტროლო პაკეტი ოფიციალურად დაათმობინეს.
ჰქონდა თუ არა ქიბარ ხალვაშს ბერკეტი, შეწინააღმდეგებოდა დვალი-აქიმიძისთვის ტელეკომპანიის ჩამორთმევას, ან როგორც მინიმუმ, მონაწილეობა არ მიეღო წილების გადაფორმებაში? „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, დავით დვალი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში პირველად ნოტარიუს ნუნუ გინტურთან გაიცნო.
„ზეწოლის პროცესში უშუალოდ ქიბარი არ ფიგურირებდა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც მას ჰქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა მანამდე. ჩვენ ის გავიცანით ნოტარიუს ნუნუ გინტურის ოფისში, წილების გადაფორმების დროს. მან ძალიან მორიდებით გვითხრა, – ბიჭებო, მეც ისეთივე გაუგებრობაში ვარ, როგორც თქვენო“, – ამბობს დავით დვალი.
​ვინ არის ნოტარიუსი ნუნუ გინტური, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ჯერ ოქრუაშვილის, შემდეგ კი ადეიშვილის პირად ნოტარიუსად იცნობს, ხოლო ზოგი მას ღამის ნოტარიუსადაც მოიხსენიებს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში ჩამორთმეულ სხვადასხვა ქონებას ის ძირითადად ღამის საათებში აფორმებდა. მისი სახელი, „რუსთავი 2“-ის გარდა, სხვა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორისაა ტელეკომპანია „იბერიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა. „პრაიმტაიმი“ ნუნუ გინტურს პირადად დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა 2004 წლის 16 ივნისს მის სანოტარო ბიუროში.
აღმოჩნდა, რომ აწ უკვე ყოფილი ნოტარიუსი „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროკურატურამაც დაკითხა. გამოცემასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სანოტარო მოქმედების შესახებ საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე შეინახავს.
„კანონი ნოტარიუსის შესახებ მავალდებულებს სანოტარო მოქმედების საიდუმლოს შენახვას. ასე რომ, ვალდებული ვარ, ეს საიდუმლო სიცოცხლის ბოლომდე შევინახო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე ნოტარიუსი აღარ ვარ. არ მაქვს უფლება, პრესისთვის ინფორმაცია გავცე. გამოძიებასა და სასამართლოს რაც აინტერესებდა ჩემგან, ეს ინფორმაცია მათ უკვე მიღებული აქვთ. სადაც საჭირო იყო, ჩვენება ყველგან მიცემული მაქვს“, – აღნიშნა ნუნუ გინტურმა.
როგორც გამოცემა წერს, თავის დროზე, ასევე ნუნუ გინტურის ხელით გაფორმდა „ჭრელი აბანოებისა“ და რიყის ტერიტორიაზე არსებული საკუთრების ჩამორთმევის სკანდალიც. საუბარია იმ ქონებაზე, რომელიც 2006 წელს ეკონომიკის სამინისტრომ გადაიფორმა. მაშინდელი ხელისუფლების მტკიცებით, რიყის ტერიტორიაზე რესტორნების მფლობელებს ერთ მშვენიერ დღეს, ყველას ერთად, „გაუჩნდათ სურვილი“, რომ მათ საკუთრებაში არსებული რესტორნები სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. გადაფორმებაც ერთ დღეს მოხდა და ყველა საქმეში ერთი და იგივე სანოტარო ბიურო ფიგურირებს, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით, ღამით გაიხსნა.
ამავე სტატიის მიხედვით, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო ჭრელ აბანოებთან დაკავშირებითაც, რომელიც მესაკუთრეს სახელმწიფოსთვის გადააფორმებინეს. აღნიშნული ფაქტები ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის პერიოდში განხორციელდა. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ადვოკატებმა არაერთხელ შეიტანეს საჩივრები პროკურატურაში, მაგრამ რეაგირება ჯერაც არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ქონების ჩამორთმევა, როგორც ამბობდნენ, აუცილებლად ღამის საათებში ხდებოდა. სამივე შემთხვევა ნუნუ გინტურმა გააფორმა. მართალია, დღეს ის ბურუსით მოცულ გადაფორმებებზე არ საუბრობს, მაგრამ ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ განაცხადა, რომ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს საგანგებო პრესკონფერენციით უპასუხებდა, თუმცა ნოტარიუსი მაშინაც ჩვენ მიერ დასმული რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემით შემოიფარგლა და კონკრეტულ საქმეებზე ამ დრომდე დუმილს არჩევს.
„უშუალო შეხება არც ადეიშვილთან და არც სააკაშვილთან არ მქონია. შემიძლია, ღვთის წინაშე დავიფიცო. არ მქონია არანაირი საქმიანი შეხება იმ ხალხთან. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს საქართველოში კაი ქალობაზე, პატრიოტობასა და სამშობლოს სიყვარულზე, ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ჩემო საყვარელო, რა. ძალიან მაგარი ქალი ვარ, ყველაზე მაგრად მიყვარს ჩემი საქართველო და ჩემი ხალხი. ამას თუ დამინახავთ, დამინახეთ, თუ არადა, გამწირეთ, მზად ვარ“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნუნუ გინტურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები