რას სთხოვდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი თავისუფლების სანაცვლოდ გია გვიჩიანს – ექსკლუზიური ინტერვიუ 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ

 გაზეთი „პრაიმტაიმი“ 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულ გია გვიჩიანთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გვიჩიანი ჰყვება, 2006 წელს, როდესაც იგი “თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, საქმის პროკურორი პაატა კუპრაშვილი მას, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით, დაკავებიდან სამ თვეში, „თელასის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, იგნასიო ირიბარენისთვის ხელის დადებას სთხოვდა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, გვიჩიანი ასევე ჰყვება, რომ წინა ხელისუფლებამ მისი დაკავებით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ირგვლივ აგორებული სკანდალის გადაფარვა სცადა.
„დაპატიმრებიდან სამ თვეში, მთხოვდნენ, ხელი დამედო „თელასის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, იგნასიო ირიბარენისთვის. ეძებდნენ გამოსავალს, რომ, ერთი მხრივ, მე გავეჩუმებინე და მეორე მხრივ, საქმე გახსნილად ჩათვლოდათ. იგნასიო ირიბარენი ვენესუელის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს და ცხადია, მას ვერ დაიჭერდნენ, თუმცა საქმეს გახსნილად გამოაცხადებდნენ.
შემდეგ, უკვე სამუდამო პატიმრობის მოსჯის შემდეგ, კვლავ შემომთავაზეს იგივე წინადადება იმავე პირობებით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მთხოვდნენ, ხელი დამედო მათივე თანაგუნდელისთვის. ასეთ შემთხვევაში, მზად იყვნენ, პირობითი სასჯელით ჩემს განთავისუფლებაზე, თუ არადა, სამუდამო პატიმრობით მემუქრებოდნენ. მე არჩევანი ამ უკანასკნელზე გავაკეთე, რადგან აღმოვაჩინე, რომ თურმე თავისუფლება არ ყოფილა ყველაზე დიდი ღირებულება. უდანაშაულო ადამიანს ხელს ნამდვილად ვერ დავადებდი. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. რაღაც პერიოდში ოქრუაშვილის კომპანია იურიდიულ მომსახურებას უწევდა „თელასს“ და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა დამეკავშირებინა ის ლომინაძის მკვლელობასთან. ამაზეც უარი მიიღეს. ერთი თვის შემდეგ კი ოქრუაშვილი გადააყენეს და სხვა ბრალდებით დაიჭირეს. შემდეგ, როგორც იცით, ქვეყნიდან საერთოდ გაუშვეს.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით, ჩემთან მოლაპარაკებას პროკურორი პაატა კუპრაშვილი აწარმოებდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ირგვლივ აგორებული სკანდალის გადაფარვა სცადა. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ საჩვენებლად დააპატიმრეს უშუალო შემსრულებლები, დამკვეთების, ანუ შარდენის სუფრის წევრების როლი მიჩქმალეს და ამის გადაფარვა გადაწყვიტეს რაიმე გახმაურებული საქმით. იმავე საღამოს, ცრუ მოწმეს მიაცემინეს ჩემ წინააღმდეგ ჩვენება, იმავე საღამოს დამირეკა გიგი უგულავამ და მითხრა, რომ ხვალ 11 საათზე ერთ-ერთ პიროვნებაზე დამეშვა საშვი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ამ პიროვნებას მოჰყვა სოდ-ის 200-მდე თანამშრომელი და ტელეკამერების წინაშე მოხდა ჩემი დაპატიმრება.
დღეს უკვე გამოძიებით დადგენილია, რომ უგულავა იმ დროს იმყოფებოდა პარიზში. მას დაურეკა ვანო მერაბიშვილმა და უთხრა, რომ საშვის დაშვება ეთხოვა ჩემთვის. ის იყო თბილისის მერი და მე – „თბილგაზის“ ხელმძღვანელი. ბუნებრივია, ამ მხრივ გვქონდა სამსახურებრივი შეხება. მოკლედ, ჩემი დაპატიმრებისთანავე მთელი საინფორმაციო ყურადღება გადმოტანილ იქნა ამ საქმეზე. იმავე დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დაწყებული გივი თარგამაძითა და გიგა ბოკერიათი, დამთავრებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი არველაძით, ყველა განცხადებას აკეთებდა ჩემს დაპატიმრებაზე და ტაშს უკრავდა ვანო მერაბიშვილს. ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას – მოხდებოდა თუ არა გირგვლიანის საქმის გამო მერაბიშვილის გადაყენება, პასუხობდნენ, რომ შსს-მ გახსნა ნიკა ლომინაძის შეკვეთილი მკვლელობა და სწორედ ვანო მერაბიშვილის დამსახურებით დააპატიმრეს მაღალი თანამდებობის პირი, ჩემი სახით.
​ჩემი დაპატიმრებიდან 10 დღის შემდეგ, პირველად გამოჩნდა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა შექმნა ეფექტური პოლიცია და სწორედ მისი ძალისხმევით გაიხსნა ლომინაძის მკვლელობა. მეტიც, ჩემი დაპატიმრების კადრები თურმე გულზე მოეფინა სიხარულით. დაახლოებით ასე უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვას – აპირებდა თუ არა ის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას. ასე რომ, სანდრო გირგვლიანის თემის გადაფარვა იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე დამაპატიმრეს“,-განაცხადა გია გვიჩიანმა.
გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მამის, ნოდარ ლომინაძის პოზიციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი საქმის მასალებს არ იცნობს და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს.
„ნოდარ ლომინაძეს მე ვკითხე სასამართლო პროცესზე, როდის გაიგო პირველად ჩემი გვარი. მან მითხრა, რომ მკვლელობიდან მეორე თუ მესამე დღეს, მანამდე გაგონილი არ მქონდაო. სასამართლოში ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე – რის საფუძველზე ჰქონდა ეჭვი ჩემზე, მიპასუხა, რომ პანაშვიდზე მასთან მივიდა ვიღაც თანამდებობის პირი, რომელიც თურმე არ ახსოვს და უთხრა, ეს გია გვიჩიანის გაკეთებული იქნება, ბანდიტია და მაგის გარდა, სხვა ვინ იზამდაო. მან ის პირი დაახასიათა, როგორც სოლიდური გარეგნობის პიროვნება. მე მისი ნათქვამი დავიჯერეო და პროკურატურამ რომ დაგაპატიმრა, საბოლოოდ დავრწმუნდიო. როგორ შეიძლება პანაშვიდზე ვიღაცის მონაჭორზე დაყრდნობით, უდანაშაულო ადამიანი სამუდამო პატიმრობისთვის გაიმეტო? მე ვთხოვე, რომ მას ევლო სასამართლო პროცესებზე, აეყვანა ადვოკატები და მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა ირინა ენუქიძე, იური ვაზაგაშვილი… ისინი არ ენდნენ გამოძიებას და დაადგინეს სიმართლე. სამწუხაროდ, ნოდარ ლომინაძემ პროკურატურის მიერ შეკერილი საქმის გამყარება არჩია. მამაჩემი ამ სასამართლო პროცესებს შეეწირა. ნოდარ ლომინაძეს კი ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მიაცემინეს, თითქოს ნიკა ლომინაძე სახლში ამბობდა, რომ გია გვიჩიანის ფინანსური დარღვევები უნდა შეესწავლა. არადა, ნიკას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მისივე ხელმოწერით 10-ათასლარიანი პრემია მაქვს აღებული. თუ ჩემს ფინანსურ დარღვევებს სწავლობდა, პრემიას მომცემდა?!
გარდა ამისა, სასამართლოში ნოდარ ლომინაძემ თქვა, რომ ჩემი სახელი მკვლელობიდან მეორე თუ მესამე დღეს გაიგო პირველად, ჩვენებაში კი წერს, რომ თითქოს მისი შვილი უყვებოდა ჩემს დარღვევებზე. ასეთ აბსურდებთან გვქონდა საქმე. სამწუხაროდ, მაშინდელმა სასამართლომ ეს ყველაფერი არაფრად ჩააგდო“,-განაცხადა გვიჩიანმა და იმედი გამოთქვა, რომ ლომინაძის რეალურ მკვლელს დაიჭერენ.
ამასთან, გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობას რუსულ სამხედრო ბაზასთან ურთიერთობასაც უკავშირებს.
​„ნიკა ლომინაძეს ჰქონდა გარკვეული კავშირი საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებთან. სხვათა შორის, ეს საქმე ჯერ კიდევ 2002 წელს აბსოლუტურად არასწორად იქნა გამოძიებული. მაშინ ფინანსური კუთხით იყო დარღვევებზე საუბარი, მე ჩემს სასამართლოზე ამ საქმეების გადახედვა და გარკვეული კავშირების დადგენა მოვითხოვე, მაგრამ მაშინ ამითაც არავინ დაინტერესებულა. მოგეხსენებათ, რუსულ სამხედრო ბაზას ჰქონდა ელექტროენერგიის დიდი დავალიანება. როგორც აღმოჩნდა, ეს თანხები ყალბი ცნობებით გადაირიცხა ოფშორულ კომპანიებში, მაშინ მოლაპარაკებებს რუსებთან სწორედ ნიკა აწარმოებდა“,-განაცხადა გვიჩიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები