სად ხვდებოდნენ ერთმანეთს ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, დეკანოზი გიორგი მამალაძე და პატრიარქის დაცვის უფროსი

 ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, დეკანოზი გიორგი მამალაძე და პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ერთმანეთს საპატრიარქოს გვერდით, ერეკლე მეფის 2-ში მდებარე რესტორან „მეფეთუბანში“ ხვდებოდნენ. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სავარაუდოდ, რესტორნის საპატრიარქოსთან სიახლოვის გამო გამოიყენა სოსო ოხანაშვილმა საკუთარ განცხადებაში სიტყვა „რესტორანში გადავედი“ და არა „მივედი“.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ რესტორანში ხშირად მიდიოდნენ სასულიერო პირები და ყოველთვის VIP ოთახს ირჩევდნენ. „პრაიმტაიმმა“ იმ ადგილის ფოტოებიც მოიპოვა, სადაც ირაკლი მამალაძის თქმით, სასულიერო პირების ნაწილის კონსპირაციული შეხვედრები მუდმივად იმართებოდა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძეს არ იცნობს და მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა.
„ირაკლი მამალაძეს არ ვიცნობ, ერთადერთხელ ვარ შეხვედრილი. მამა გიორგიმ დამირეკა, ვისადილოთო და რესტორანში გადავედი და იქ ვნახე ეს პიროვნება”, – აცხადებდა ოხანაშვილი, რის საპასუხოდაც ირაკლი მამალაძემ მას მათი შეხვედრის რაოდენობის გახსენება ურჩია.
მამალაძის მტკიცებით, სოსო ოხანაშვილს ერთ-ერთ რესტორანში მუდმივად ხვდებოდა. მისივე თქმით, ადგილი, რომლის მდებარეობა „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ბრალდებულ გიორგი მამალაძისა და მისი ჯგუფის წევრების კონსპირაციული შეხვედრების მუდმივი ადგილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები