ქეთევან ციხელაშვილი ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეტევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება.
როგორც ციხელაშვილი აღნიშნავს, აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვა უხეშად არღვევს გადაადგილების თავისუფლებას, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ისედაც რთულ ვითარებას.
„ აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია, უხეშად არღვევს გადაადგილების თავისუფლებას, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ისედაც რთულ ვითარებას. ამასთან, ეს პრობლემებსა და სირთულეებს უქმნის არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობას. ამ გადასასვლელებზე დღეში საშუალოდ 1000-მდე კვეთა ფიქსირდება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მიზნით. მათ შორის, იზღუდება იმ ბავშვთა უფლებები, რომელთაც სკოლებში მისასვლელად გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევს და აღნიშნული შეზღუდვა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მათ სასწავლო პროცესში ჩართვას.
ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს, აღნიშნული გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების“ მიზნით მიიღეს.
ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელებით სარგებლობს მშვიდობიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ნათლად დააფიქსირა და განაცხადა სამშვიდობო პოლიტიკისა და მშვიდობიანი მიდგომების ერთგულება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე მისცა მკვეთრი შეფასებები ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლების – გადაადგილების თავისუფლების უხეში დარღვევისკენ მიმართულ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებაში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიეროს ამ ქმედების სიმძიმე პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისათვის და გადადგას ნაბიჯები არა გართულების, არამედ გადაადგილების შესაძლებლობების შემდგომი გამარტივებისკენ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.