ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 75-ე შეხვედრა გაიმართა. სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით დაფიქსირდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ ხსენებული პირის მიმართ არსებული “ბრალდებები” და ე.წ. განაჩენი არის ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძვლებს მოკლებული. შეხვედრაზე მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ აუცილებელია გიუნაშვილის უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლება. დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოესს კვირეებში გიორგი გიუნაშვილს ოჯახის წევრები მოინახულებენ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართების, ღობეების და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს და მიმდინარე წლის 23 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ამირან გუგუტიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 4 აპრილს გაიმართება.