პირველად საქართველოში „არტფესტივალი -2017“ გაიმართება
24, 25, 26 მარტს, პირველად საქართველოში – თბილისში, უზნაძის 68-ში, ვალერი არქანიას არტგალერეაში გაიმართება „არტფესტივალი – 2017“.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მხატვარმა დავით ბაძაღუამ განუცხადა, ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს ყველა თაობის ქართველი მხატვრები, გამოფინონ მათ მიერ სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შექმნილი ნამუშევრები.
„ფესტივალზე მოწვეულია ფართო საზოგადოება, ხელოვნების მოყვარულები, გალერისტები, კრიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მასმედიის წარმომადგენლები.
ფესტივალზე 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების, ნიმუშების ურიცხვი რაოდენობა იქნება გამოტანილი.
ხელოვნების მოყვარულებს საშუალება მიეცემათ, ცნობილი და ახალგაზრდა მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევარი შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასებში. მონაწილეობის მსურველი მხატვრები ახლავე უნდა დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად გაიარონ რეგისტრაცია“, – აღნიშნა დავით ბაძაღუამ.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ორი მხატვრის, ამირან კუპრავას და დავით ბაძაღუას სახელოსნო: „2 art“ და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი.
ფესტივალზე შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრთან არსებულ ვალერი არქანიას არტგალერეას.
.