მირზა გელოვანი – 100: დღეს თიანეთში ლიტერატურული საღამო გაიმართება

2 მარტს, 2 საათზე, თიანეთის მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, პოეტის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამო თიანეთის სკოლების მონაწილეობით ჩატარდება.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს საბჭოთა არმიაში გაიწვიეს.
მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო.
გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975)…
მირზა გელოვანი გარდაიცვალა სამამულო ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსიაში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.
მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა (1975).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები