იაპონია შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისა და აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო
იაპონია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. „რეფერენდუმთან” დაკავშირებით, რომლითაც იგეგმება საქართველოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლა, ასევე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებებს, – აღნიშნულია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იაპონური მხარე კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერი მცდელობის დაუშვებლობას.
„იაპონიის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გაავრცელა.