სოხუმის დე ფაქტო მთავრობა: რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება

“რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კომენტარის საპასუხოდ გავრცელდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკან გაიწვევს.
„აბაშიძე აშკარად ცდილობს, წინასწარმეტყველის მანტია მოირგოს და მოსკოვის პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში მისთვის სასურველ კალაპოტში გაუშვას, ასევე, ეჭვქვეშ დააყენოს მოსკოვსა და სოხუმს შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.
სოხუმის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, აცხადებენ, რომ ზურაბ აბაშიძეს აშკარად ინტუიცია ღალატობს და ის 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში შექმნილ რეალობებზე თვალებს ხუჭავს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეუქცევადი პროცესია, თუმცა თბილისში ჯერ კიდევ აქვთ ილუზორული იმედები, რომ შესაძლებელია ისტორიის ბორბლის შემობრუნება“, – აცხადებენ სოხუმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები