დიმიტრის ავრამოპულოსი: იმედი მაქვს, თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას

იმედი მაქვს, რომ მალე, თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას შენგენის ქვეყნებში, – ამის შესახებ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, ეს არის ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.
”მე ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებით ამ ამაღელვებელ მომენტს. ძალიან მალე ჩვენ უკვე ფორმალურად დავასრულებთ დარჩენილ პროცედურებს და ადმინისტრაციულ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ მალე – თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ქვეყნებში.
აღარ იქნება საჭირო ვიზიტები კონსულებთან მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში. შეგიძლიათ ამ უდიდესი მიღწევით იამაყოთ ქართველებმა. ეს გახლავთ ერთობლივი ძალისხმევა ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების, რომელზე მუშაობაც დაიწყო 2012 წელს.
ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ და ძალიან მოკლე ვადებში მიაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა იმ უმაღლესი სტანდარტის გათვალისწინებით, რომელსაც ითვალისწინებდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, იქნება ეს საზღვრის მართვა, ასევე თავშესაფრის პოლიტიკა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ მონაცემთა დაცვა. ეს გახლავთ მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელიც თქვენ ზედმიწევნით შეასრულეთ.
მძიმე შრომა იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მიერ მთელი ამ პროცესების განმავლობაში და მე მსურს უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენი თავდადებისთვის და ძალისხმევისთვის”, – აღნიშნა ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
დღეს ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია ოთხშაბათს, 1 მარტს ბრიუსელში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები