დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს

„დღეს არის საქართველოს ისტორიაში დღე, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს“, – ამის შესახებ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება და თანხმობა უკვე მიღებულია და დადგა დრო, ერთად ვიზეიმოთ წინ გადადგმული ნაბიჯი.
”ჩემთვის დიდი პატივია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვიმყოფები თქვენ გვერდით, რომ ერთად, ერთობლივად აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. კომისიის შემოთავაზების და რეგულაციების განხილვის შემდეგ, ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, დღეს, უკვე რამდენიმე წუთის წინ, ფაქტობრივად, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის და დაენერგა უვიზო მიმოსვლა. საბოლოო გადაწყვეტილება და თანხმობა უკვე მიღებულია და უკვე დადგა დრო, ერთად ვიზეიმოთ წინგადადგმული ნაბიჯი,” – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კარმელო აბელამ განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება დაახლოებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს“.
„აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს მიერ საჭირო რეფორმების გატარებას, კერძოდ, ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები. შეჩერების მექანიზმის მიღებამ ეს შეთანხმება შესაძლო გახადა“, – განაცხადა მალტის შს მინისტრმა.
„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა ხელი მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა არ სჭირდებათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები