გიორგი კვირიკაშვილი: ევროპა დანაპირებს ასრულებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო აფასებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას
”მართლაც სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციის და საშინაო საკითხებში ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მართლაცდა ერთად მიღწეული წარმატება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს პირადი ძალისხმევისთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ასევე, ვაფასებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ევროპასთან.
”ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს – პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დაპირებებს. დღეს არსად ისე, როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა, ესმით ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენო თანამემამულენო და მე ვულოცავ ევროპასაც, რადგან დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ოჯახთან”, – აღნიშნა პრემიერმა.
დღეს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია მიიღო.
„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა არ სჭირდებათ”, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები