დიმიტრის ავრამოპულოსი: საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის, გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტთან გაიმართა უმნიშვნელოვანესი დისკუსია საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე.
„მე მუდმივად აღვნიშნავდი და პრეზიდენტთან შეხვედრისას დღესაც გავიმეორე, რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ, როგორც მოწინავე ქვეყანას ფართო, ევროპულ სივრცეში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წამოწყების და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან მალე შევიმუშავებთ პოზიციას საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მე პირადად ვმუშაობდი ამ საკითხზე. დღეს მე ევროკავშირის კომისარი და ასევე საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ვარ. ეს ნაწილობრივ იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ბერძენი ვარ და ქართველებს და ბერძნებს ყოველთვის წარმატებული ისტორიული ურთიერთობები ჰქონდათ.
შესაბამისად, საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ და გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს ქართველ მეგობრებთან. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტი ბრძენი ლიდერია, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ საქართველომ შეაღოს ევროპის კარი. მისი პოლიტიკური ღირებულებები ემთხვევა იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელზედაც აგებულია ევროპა”, – განაცხადა ევროკომისარმა.
პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის უკვე საბოლოო გაფორმებას გულისხმობს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
„კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს და რისი გაკეთებაც შეუძლია მას ევროკავშირისთვის, ევროპული იდენტობისთვის, საერთო ევროპული მომავლისა და საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები