მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება, მას უდანაშაულოდ მივიჩნევ

არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მოწამვლას გეგმავდა,სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება მას უდანაშაულოდ მივიჩნევ, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ თუ ეს დამტკიცდა, მთელ ამ პროცესს მამა გიორგი მამალაძე მარტო ვერ დაგეგმავდა.
„არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მოწამვლას გეგმავდა, სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება, მას უდანაშაულოდ მივიჩნევ, თუმცა ბუნებრივია, თუ ეს დამტკიცდა, ის მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა. კიდევ ვინ არის მთელ ამ არანორმალურ ვითარებაში გარეული, სასულიერო თუ საერო პირი? მოლოდინის რეჟიმში ვარ – გამოძიების პასუხს ველოდები“, – აცხადებს მეუფე დიმიტრი.
მეუფე დიმიტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თითქოს, მამა გიორგი მამალაძე ბათუმიდან თბილისში საპატრიარქოს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მისი რეკომენდაციით დაინიშნა.
„ეს მეც მოვისმინე და გულწრფელად არ მესმის, რას ნიშნავს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი? დიახ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მე ბათუმში მოძღვრად ვაკურთხე და ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, თბილისში ის ჩემგან დამოუკიდებლად მოხვდა – უხეშად გეტყვით, არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო“, – აღნიშნავს მეუფე დიმიტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები