ბურუსით მოცული გარდაცვალება და ვერსიები – 25 წლის ანა ლომაშვილის ისტორია

25 წლის ანა ლომაშვილი ვარკეთილში კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროს ბინაში ანა ლომაშვილის ყოფილი მეუღლე გიგი კორძახია და 4 წლის შვილი იმყოფებოდნენ. ყოფილი მეუღლის თქმით, ანა ლომაშვილი აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვა. საპირისპირო ვერსიაზე საუბრობენ ანა ლომაშვილის მეგობრები, თანამშრომლები და ნათესავები. ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ ანა ლომაშვილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

„პრაიმტაიმი“ ანა ლომაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დეტალების გარკვევას შეეცადა.

პირველი, ვინც ანა ლომაშვილის თვითმკვლელობის ვერსია ეჭვქვეშ დააყენა, ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, სადაც ანა ლომაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანობის“ პრეზიდენტი ბორენა ქარჩავა და იურისტი ზვიად კვირიკაძე ამბობენ, რომ გარდაცვლილის გვამს ძალადობის ნიშნები ეტყობოდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ანა ლომაშვილი ყოფილმა მეუღლემ სცემა და შემოაკვდა.

ზვიად კვირიკაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანობის“ იურისტი:

„ცემითაა მოკლული. ისეთი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია. მაგალითად, საფეთქელზე ჩალურჯებული ჰქონდა, წარბი შეშინებული და წინ ამოწეული. შუბლზე ხორცი ჰქონდა ამოგლეჯილი 2-თეთრიანის ზომაზე. ფოტოც გვაქვს, რაც ამას ადასტურებს. ყელს რაც შეეხება, ჩამოხრჩობილის ნიშანწყალი არ ჰქონდა“.

იმის დასადასტურებლად, რომ ანა ლომაშვილს თავი არ მოუკლავს, მისი მეგობრები შემთხვევის ადგილზე არსებულ მდგომარეობას იშველიებენ. იურისტ ზვიად კვინიკაძის მტკიცებით, „საშრობი, სადაც ანა ლომაშვილმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო, ადამიანის მხრების სიმაღლეზეა“. ზვიად კვინიკაძის თქმით, ანა საშუალო სიმაღლის ადამიანი იყო და საშრობს არც ეტყობა კვალი, რომ მასზე რაიმე იყო ჩამოკიდებული.

ზვიად კვინიკაძე კითხვას აბაზანის ღია კართან დაკავშირებით სვამს. „არც კარი ჰქონდა ჩაკეტილი. თუ ადამიანი თავის მოკვლას აპირებს, კარს აუცილებლად ჩაკეტავდა“, – ამბობს ის.

იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა გვამს ძალადობის ნიშნები და იყო თუ არა თვითმკვლელობა, დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი, მანამდე კი მედიასა თუ საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ შემთხვევას და გარდაცვლილის ცხოვრების იმ დეტალებით ინტერესდებიან, რომელმაც შესაძლოა, ახსნას, მოკლეს თუ თავი მოიკლა 25 წლის ანა ლომაშვილმა.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ანა ლომაშვილს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მამა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ბავშვი მისმა ნათლიამ ლიკა მამიაშვილმა გაზარდა. ანა ლომაშვილის გამზრდელის თქმით, გოგონას პრობლემები ყველაზე რთულ გარდატეხის ასაკში ჰქონდა.

ლიკა მამიაშვილი, ანა ლომაშვილის ნათლია:

„ოთხი წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. ანკა ძალიან პატარა იყო, მამამისი რუსეთში რომ წავიდა და ვეღარ დაბრუნდა. გარდაცვლილი ჩამოასვენეს. დედამისი წარმოშობით უკრაინელია. ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ და ბავშვის გაზრდაში ვეხმარებოდი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ანას დედა მეორედ გათხოვდა და ვარკეთილში გადავიდა. ანკაც თან წაიყვანა. როცა ანკას ვნახულობდი ყოველთვის დადებითად იხსენიებდა მამინაცვალს. კმაყოფილი იყო. ფაქტობრივად, მამის მაგივრობა გაუწია. იქიდან იწყება ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ამ სირთულეებს გაუძლო. როცა რაიმე პრობლემა უჩნდებოდა, ყოველთვის ჩემთან მოდიოდა. ოჯახში დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, ტრავმირებული იყო. მამის გამო ძალიან განიცდიდა“.

2011 წელს ანა ლომაშვილმა მომავალი მეუღლე გაიცნო და ოჯახი მალევე შექმნა.

იორგი მენაღარიშვილი, ანა ლომაშვილის ქმრის მეგობარი: „მე და გიგიმ ანა ლომაშვილი ბარში გავიცანით. იქ მუშაობდა მიმტანად. მოეწონათ ერთმანეთი. ანი ბიჭზე ყურებამდე იყო შეყვარებული. გიგიზეც ზედმეტია ლაპარაკი. რაც არ უნახავს, ის ანახა გიგის ოჯახმა ანას. ყველაფრით უზრუნველყოფდა, მატერიალური იქნებოდა თუ სხვა… ყველაფერში გვერდში ედგა. გაცნობიდან მალევე შექმნეს ოჯახი. რაც ცოლად მოიყვანა, მიმტანობას თავი დაანება. გაუჩნდათ ულამაზესი ბიჭი და გრძელდებოდა ასე“.

გარდაცვლილის მეგობრები, თანამშრომლები და ახლობლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ანა ლომაშვილი გათხოვდა, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებოდა. კამათის მიზეზად სხვადასხვა რამეს ასახელებენ. ამბობენ, რომ ანა ლომაშვილის მეუღლე სვამდა, ტოტალიზატორში თამაშობდა, რაც კამათის საფუძველი ხდებოდა.

ლიკა მამიაშვილი, ანა ლომაშვილის ნათლია: „მეუღლე ძალიან კონფლიქტური აღმოჩნდა. წამალდამოკიდებული იყო… კამათი მოსდიოდათ ტოტალიზატორზე, მთელი ქონება ტოტალიზატორში ადიოდა და ჩადიოდა. ანკასგან ვიცი, რომ ბოლო პერიოდში დალევაც დაიწყო, თავისი „სასტავი“ შეკრიბა. ანკას ოჯახური გარემო უკვე დაერღვა, ამ ბიჭის სახლი „სხადნიაკი“ გახდა და ანკა გაღიზიანებული იყო. როცა ჩემთან მოდიოდა, ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ გამოსწორდებოდა, გონს მოეგებოდა, მაგრამ ყოველი „იქნებ“ მთავრდებოდა იმით, რომ საშველი და გზა არ ჩანდა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანობის“ იურისტი, ზვიად კვინიკაძე ანა ლომაშვილთან საუბარს იხსენებს, როდესაც ანამ უთხრა: „ვერ ვეგუები მის ცხოვრებას და მეგობრებსო“.

ანა ლომაშვილსა და მის მეუღლეს შორის კამათს ადასტურებენ ყოფილი მეუღლის მეგობრებიც. გიორგი მარქაროვი ამბობს: „ანას მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა, რომ გიგის არ დაელია. ეუბნებოდა, ოღონდ არ დალიო და მოწიეო… დასალევზე ჰქონდა გართულება“.

გიგი კორძახიას მეგობრები კამათს ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ, რომ გიგი კორძახია ანა ლომაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა. გიგი კორძახიას მეგობრის გიორგი მენაღარიშვილის თქმით, „გიგი ანას ხელით არასდროს შეხებია“, ამის შესახებ რომ გაეგო, გიგის აუცილებლად დაელაპარაკებოდა.

2016 წლის სექტემბერში, ანა ლომაშვილის მეგობრების ცნობით, ის ქმრის სახლიდან წამოვიდა და ნათლიასთან, ლიკა მამიაშვილთან ცხოვრობდა, გლდანში. სამსახურიც გლდანში დაიწყო. საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებდა.
ბორენა ქარჩავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანობის“ პრეზიდენტი: „იმდენად უხაროდა ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ასეთმა ბედნიერმა ადამიანმა 4 წლის შვილთან თავი მოიკლას“.

ზვიად კვირიკაძე ანა ლომაშვილის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს: „მისი სტიმული იყო ეს სამსახური, ძალიან კარგი გეგმები ჰქონდა, საგრანტო პროექტებზე მუშაობდა, ძაღლების თავშესაფარი უნდოდა გაეკეთებინა, მოხუცებს დახმარებოდა“.
საპირისპიროს იხსენებს ანა ლომაშვილის ყოფილი მეუღლის გიგი კორძახიას მეგობარი გიორგი მენაღარიშვილი. ის ამბობს, რომ ანა ლომაშვილს გათხოვებამდე სუიციდური აზრები ჰქონდა. გიორგი მენაღარიშვილის თქმით, ანა ლომაშვილს მისთვის ნათქვამი აქვს შემდეგი სიტყვები: „აღარ შემიძლია, ჩემმა თავმა დამღალა, თავს ჩამოვიკიდებ, შეიძლება თავშიც ვისროლო“.

დეპრესიულ განწყობებს ან სუიციდისკენ მიდრეკილების ფაქტებს ვერ იხსენებენ ანა ლომაშვილის მეგობრები, ნათესავები და თანამშრომლები.

ბორენა ქარჩავა ყვება, რომ „ამ ადამიანს არ ეტყობოდა არაფერი დეპრესიაში ყოფნის, იმდენად ხალისით აკეთებდა ყველაფერს. იმდენად წინ მიდიოდა, იმდენად დადებითად აეწყო მისი ცხოვრება“.

მიუხედავად ცხოვრებისეული წარმატებებისა, ანა ლომაშვილი საკუთარ წარსულზე მუდმივად გულდაწყვეტით საუბრობდა.

ბორენა ქარჩავა იხსენებს, რომ „ანას ბევრჯერ გადაუშლია გული, რომ დედის სითბო აკლდა და დედისგან უყურადღებობას ძალიან განიცდიდა“. ანა ლომაშვილის აღმზრდელი ნათლია ყვება, რომ ანა ლომაშვილი ოჯახზე დიდ იმედებს ამყარებდა. „ფანატი იყო, რომ ოჯახი ჰქონდა. გიგისაც მამა არ ჰყავდა, დედა უცხოეთში მუშაობდა. ანკას იმედი ჰქონდა, რომ თავიდან დაიწყებდნენ და ყველაფერს ერთად შექმნიდნენ, საკუთარი ხელით“.

მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან ნაჩხუბარი იყო და როგორც თავად ამბობდა, ოჯახი საბოლოოდ დაანგრია, გიგი კორძახიასთან მაინც მეგობრობდა, შაბათ-კვირას ბავშვი მიჰყავდა, მამასთან ტოვებდა და ხშირად თვითონაც რჩებოდა.
კითხვაზე: რატომ რჩებოდა ანა ლომაშვილი კაცთან, რომელიც მასზე, მეგობრების თქმით, ფიზიკურად ძალადობდა, ნათესავები მიზეზად პასუხისმგებლობას ასახელებენ. ყოფილი მეუღლე ანა ლომაშვილს, კონფლიქტის მიუხედავად, ფინანსურად ეხმარებოდა.

ლია თუშური, მეზობელი: „დედამთილი ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. დედამთილი სულ ეხმარებოდა და ამიტომ პასუხისმგებლობას გრძნობდა“.

ანა ლომაშვილის თანამშრომლების ცნობით კი, „ანას შერიგება უნდოდა, სწორედ ამიტომ რჩებოდა შაბათ-კვირას ყოფილ მეუღლესთან“.

მიუხედავად იმისა, რომ ანა ლომაშვილი 2016 წლის სექტემბრიდან მეუღლესთან აღარ ცხოვრობდა და მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა მასთან, სოციალურ ქსელში ბევრ პოსტს ნახავთ, სადაც ჩანს, რომ ანა ლომაშვილი, დაშორების მიუხედავად, მეუღლესთან ბევრ დროს ატარებდა და თავს ბედნიერად გრძნობდა.
19 თებერვლის ღამე კი, როგორც ჩანს, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

გიგი კორძახია ადასტურებს, რომ მანამ, სანამ ანა ლომაშვილს აბანოში იპოვიდა, იკამათეს, თუმცა მალევე დამშვიდდნენ, მან შვილთან ერთად დაიძინა, თუმცა მალევე გაეღვიძა და ანა ლომაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვა. სწორედ შემთხვევამდე კამათია მთავარი არგუმენტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანობისთვის“, როცა აცხადებს, რომ გიგი კორძახია მკვლელობისთვის თუ არა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა გასამართლდეს.

ბორენა ქარჩავა: „ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე? ის ადამიანი ყველა შემთხვევაში დამნაშავეა და უნდა იყოს დაკავებული“.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადებს, რომ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ანა ლომაშვილის ყოფილი მეუღლე გიგი კორძახია უკვე დაკითხულია. სხვა დეტალებს შსს-ში არ ასაჯაროებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანობისა“ და „სოლიდარობის სახლის“ წარმომადგენლებმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. მათი პოზიციაა, რომ გიგი კორძახია ბრალდებულის სტატუსით დააკავონ.

ნათლია ლიკა მამიაშვილი ანა ლომაშვილის ძლიერ მხარეებზე საუბრობს, თავის მოკვლის მოტივს ვერ ხედავს, ეყრდნობა გარდაცვლილზე არსებულ დაზიანებებს და ავითარებს ვერსიას, რომ მას თავი არ მოუკლავს.

ლიკა მამიაშვილი, ანა ლომაშვილის ნათლია: „ვერავინ დაიჯერებს, რომ მან თავი მოიკლა. ურთულესი პერიოდი გაიარა, ყველაფერს გაუძლო, საკუთარი ღირსება დაიცვა და როგორ შეიძლებოდა, აღმავლობის ეტაპი რომ დაუდგა, თეთრი „პალასა“ და ზოლი რომ ეწყებოდა, მაშინ მოეკლა თავი? რამდენადაც ვიცნობ გიგის და ანკას, მაქვს ვერსია, რომ მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, გიგის ხელში შემოაკვდა და თავისი ღირსების დაცვისთვის თუ ბავშვის გამო გათამაშდა ჩამოხრჩობის ვერსია“.

ლია თუშურის თქმით, ფიზიკურ ძალადობას ყოფილი მეუღლე ანა ლომაშვილის მიმართ ბევრჯერ ახორციელებდა, ამიტომ არ სჯერა, რომ ამის გამო თავი მოიკლა? ლია თუშურის თქმით, „მანამდეც შეხებია ხელით. იყო მომენტები, როცა ფოტო გამოუგზავნია, ცხვირიდან სისხლი სდიოდა, – აი, რა დღეში ვარო. მაშინ არ მოუკლავს თავი და ახლა მოიკლავდა?“.

საზოგადოებაში თვითმკვლელობის მიმართ ეჭვები მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუღლე ჭირისუფლებს ანა ლომაშვილის ცხედართან არ უშვებდა.

გიგი კორძახიას მეგობრები აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.
გიორგი მარქაროვი, გიგი კორძახიას მეგობარი: „ახალგაზრდა გოგო ცოცხალი აღარ არის და როგორ უნდა შეუშალო ხელი მის მეგობარს, ნათესავს და არ ატირო გარდაცვლილი? – ეს ტყუილია“.

ანა ლომაშვილის ნათესავები მკვლელობის სავარაუდო მოტივზეც საუბრობენ. მათი თქმით, გიგი კორძახია ანა ლომაშვილზე ეჭვიანობდა და ემუქრებოდა კიდეც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანობის“ იურისტი ზვიად კვინიკაძე ყვება, რომ ყოფილი ქმარი ბავშვობის ერთ-ერთ მეგობარზე ეჭვიანობდა. „ანას ქმრის არაბუნებრივი შიში ჰქონდა, საუბრის დროს კანკალებდა“.
ეჭვიანობის ვერსიას არ ადასტურებენ გიგი კორძახიას მეგობრები. „ეს ვარაუდი თქვენგან პირველად გავიგეთ“, – გვითხეს მათ.

რაც შეეხება მუქარას, ნათლია ლია მამიაშვილის თქმით, გიგი ცოლს ეუბნებოდა: „რომ გამშორდე და შენც დედაშენივით გახდე, შენთვის ერთი ტყვია ყოველთვის მექნებაო“.

საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ანა ლომაშვილის ნათესავები და მეგობრები. ლია მამიაშვილისა და ლია თუშურის თქმით, ანა ლომაშვილს რომ თავი მოეკლა, ის აუცილებლად დატოვებდა წერილს. კითხვაზე: რა აძლევთ ამის თქმის საფუძველს, ანა ლომაშვილის პიროვნებას ეყრდნობიან.

ლია მამიაშვილი: „მას რომ თვითმკვლელობა გადაეწყვიტა, აუცილებლად დამირეკავდა და მეტყოდა, ლიკა ბავშვს მიმიხედეო. ბოლო პერიოდი გიგის შიში ჰქონდა. ერთ-ერთი კონფლიქტის დრო იქიდან მირეკავს, რამე რომ მოხდეს, ბავშვს ხომ მიმიხედავო? ანკა ტიპი იყო ასეთი. მას რომ თვითმკვლელობა გადაეწყვიტა, ვიღაცას დაურეკავდა ან დატოვებდა მესიჯს, რომ მე ახლა თავს ვიკლავ და გიგი არ დაადანაშაულოთო. ანკას ყველაფრის მიმართ უაზრო პასუხისმგებლობა ჰქონდა“.

წერილი არავისთვის დაუტოვებია, თუმცა დარჩა 4 წლის შვილი. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი ამჟამად მამის, გიგი კორძახიას მამიდასთან იმყოფება. ანა ლომაშვილის ნათლიას კი ერთი მოთხოვნა აქვს, „ბავშვი ალკოჰოლიკ ბებიასთან და მამასთან, რომელიც მეტადონის პროგრამაშია ჩართული, ტოტალიზატორში თამაშობს და სვამს, არ დატოვონ, მიუხედავად იმისა, რომ გიგი კორძახია კარგი მამაა და შვილი ძალიან უყვარს“.

კითხვის ნიშანი ბევრია, ვერსიაც – უამრავი, ყველას თავისი სიმართლე აქვს, თუმცა საბოლოო პასუხს მაინც გამოძიება და ექსპერტიზის დასკვნას იტყვის. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ანა ლომაშვილმა ნამდვილად თავი მოიკლა, თუმცა რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, გამოსაძიებელია. გიგი კორძახიას დაჭერას კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით არც ანა ლომაშვილის ნათესავები და არც გიგი კორძახიას მეგობრები არ გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები