ირაკლი ალასანია: ვიტალი ჩურკინი ძალზე მგრძნობიარე ადამიანი იყო (ვიდეო)

“გაერთიანებული დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელს, ვიტალი ჩურკინს იხსენებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
“ჩვენს ურთიერთობებში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მძიმე დღეები იყო. მე და ჩურკინი პრაქტიკულად ერთად მივედით გაეროში, 2006 წელს. ვიტალი ჩურკინი იყო პროფესიონალი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე დიპლომატი. ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგეები, ვინაიდან რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ იყო აგრესიული ომი. მე ვიცავდი ჩემს სამშობლოს, ის ასრულებდა თავისი მთავრობის დავალებებს. ვხედავდი, როგორ წუხდა ამ დაძაბული ურთიერთობების გამო. ვცდილობდით სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას, რაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მე მასში ვხედავდი არა მარტო ოპონენტს და მოწინააღმდეგეს, არამედ – ადამიანს.
კულუარებში ბევრს ვსაუბრობდით. ცდილობდა, როგორც შეეძლო, რომ რამენაირად სიტუაცია გამოსწორებულიყო. ომის შემდეგაც ვკონტაქტობდით. პროფესიული ურთიერთობა გვქონდა. ვიცავდით საკუთარ ქვეყნებს, ამავდროულად, ერთმანეთში ვხედავდით ადამიანებს, რომლებსაც ურთიერთობების გაუმჯობესება სურდათ. ის იყო არა მარტო დიდი დიპლომატი, არამედ, მგრძნობიარე ადამიანიც, ძალიან დაფასებული გაეროში, არამარტო მოხერხებული დიპლომატი, არამედ, კარგი ადამიანი. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. მიუხედავად ოპონენტობისა, ვმეგობრობდით. ოჯახებითაც ვმეგობრობდით.
გვქონდა ღია საუბრები მომავალზე. ორივეს გვჯეროდა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ჰქონდა მომავალი. ისმენდა ჩვენს არგუმენტებს. ჩემთვისაც ძნელი იყო მათი არგუმენტების მოსმენა. სიტუაცია ისეთი მწვავე იყო, ჩემმა და მისმა მცდელობებმა ვერ უშველა და ომი თავიდან ვერ ავიცილეთ. დეკემბერში ნიუ-იორკში შევხვდი. მარტშიც ვაპირებდით. ძალინ ვწუხვარ, რომ აღარ არის“, – ამბობს ალასანია. „მინდა ასევე გითხრათ, რომ რუსეთმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მოსკოვი ამას დღეს უკვე ხვდება.
ჩვენ მაშინაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს აქვს მომავალი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ “დოჟდის” ეთერში. ცნობისთვის, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი 20 თებერვალს, 64 წლის ასაკში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები