საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე აშშ-ს კონგრესის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს

 დღეს საკანონმდებლო ორგანო საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას მასპინძლობს.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა, მეუღლეებთან ერთად, პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერეს. საექსკურსიო ტური პარლამენტის შიდა ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოდან დაიწყო.
დელეგაციის წევრები პარლამენტის სასახლეში ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით განთავსებულ ექსპონატებს – მეფე ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულს (1708-1710), 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციას გაეცნენ. სტუმრებმა 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბარელიეფი და პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები