პარლამენტმა პირველი მოსმენით „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით – 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.

კენჭისყრაზე 18 კანონპროექტი დადგა, რომელთა პირველი მოსმენით განხილვის პროცესი სამი სასესიო დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკანონმდებლო პაკეტის ავტორები და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

პროექტის მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა.

სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება. კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო, სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტოგადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს.
პროექტით, სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. სააგენტოს უფროსობის კანდიდატებს (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები