ეკა ბესელია ოპოზიციას ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციას ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას შინაარსი არ აინტერესებს და მხოლოდ არსებით საკითხებზე მსჯელობენ.
„სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ოპოზიცია მხოლოდ დროის გაჭიანურებაზე არის გადასული. მათ არ აინტერესებთ შინაარსი. დაღლით ნამდვილად არ დავიღლები, რამდენი საათიც არ უნდა ვიდგე ტრიბუნასთან. ჩემი ვალდებულებაა, რომ იმ ჯგუფთან ერთად, ვინც მოამზადა ცვლილებების ეს პაკეტი, იმ ვადაში მივიღოთ ეს მოდელი, რა ვადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა. ამიტომ დროში ვართ შეზღუდული. პაკეტი არის საკმაოდ დიდი და რთული, თუმცა ეს არის ნაბიჯი წინ და არა ნაბიჯი უკან . ჩვენ გვქონდა ე.წ ორი გასაღები და ახლა გვაქვს სამი. ვაძლიერებთ ექვსი დონის კონტროლით ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა სისტემას და ვერავინ იტყვის, თუ რომელი პუნქტით შესუსტდა კონტროლის სისტემა და ვერავინ მოიყვანს არგუმენტს, თუ რა ასპექტში იყო უფრო ძლიერი მოდელი და რითი დავიხიეთ უკან. ამაზე ერთადერთი არგუმენტიც კი არ მომისმენია, გარდა არაფრისმთქმელი ერთი და იგივე კითხვებისა, რაც ისმოდა გუშინ სხდომაზე, დროის გაყვანის მიზნით“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის განმარტებით, ოპონენტების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მოდელი მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს სუსტი.
„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც არსებობდეს ისეთი მოდელი, როგორსაც ოპონენტები გვთავაზობენ. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს სუსტი. ჰკითხეთ ჩვენს მოქალაქეებს, მათთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ უსაფრთხო გარემო არსებობდეს და ისე არ ძრწოდნენ, როგორც, მაგალითად, ეს არის ჩვენს მეზობელ თურქეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც იმძლავრა ტერორიზმის საფრთხემ. ბიზნესსაც, მოქალაქესაც, ჟურნალისტსაც – ყველას აინტერესებს, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხო გარემო და მისი უფლებები დაცული. ამას ვემსახურებით ჩვენ ამ ცვლილებებით. ოპოზიცია გვთავაზობს რომანტიკულ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს გვქონდეს სუსტი სამსახურები და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამსახური შეასრულებს თუ არა თავის მოვალეობას. ჩვენ მათ გზას ვერ გავყვებით,“ – აღნიშნა ბესელიამ.
პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა ვერც გუშინ დაასრულა. განხილვა დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები