საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კონგოში საქართველოს ერთი მოქალაქე დატყვევებულია, მეორე კი დაჭრილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში გადის.
სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, სიტუაციაში დეტალურად გარკვევისა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით.
„პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, შესაძლოა, დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ.
კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის.
22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში გადის.
კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე, კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ გამოძიება გრძელდება. საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით, ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და ისინი დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში. სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე – სოსო ოსურაული მართავდა.
მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები