აბაშიშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე: კონსულტაციებზე საპარლამენტო უმრავლესობისგან მიღებულია უარი, ეს არის გზა თვითიზოლაციისკენ

ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებზე საპარლამენტო უმრავლესობისგან მიღებულია უარი, ეს არის გზა თვითიზოლაციისკენ”, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტი განიხილავს ე.წ. მოსმენების კანონპროექტს, მაშინ, როცა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არის არაერთი კითხვა. ამასთან, აბაშიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე.
„პარლამენტი დღეს ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არის არაერთი კითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას და ბიზნესსექტორს. ჩვენი მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობისათვის შეთავაზებულ კონსულტაციებზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია თვითიზოლაციის გზა, რაც არ არის კარგი არც ქვეყნისათვის და არც თავად ამ პოლიტიკური ძალისათვის. ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს გამოცდილება, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ და დაძლეულ ვეტოებთან დაკავშირებით, როდესაც უმრავლესობის მიერ წარმატებით დაძლეული ვეტო ან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ან თავად ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია. კერძოდ, მოსმენების კანონი არაკოსტიტუციურად ცნეს;
საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი შეჩერებულია და პოზიცია გაზიარებულია მთავრობის მიერ წელიწად-ნახევრის შემდგომ;
საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, ასევე ცნობილია არაკონსტიტუციურად. მინდა, ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. ახალი პარლამენტის არჩევისას, ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო შესაძლებლობაც და საფრთხეც, შესაძლებლობა რეფორმებისათვის და საფრთხე ჩაკეტილობისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისთვის. მოვუწოდებთ უმრავლესობას, გაითვალისწინონ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს და მხოლოდ ძალიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, -აცხადებს აბაშიშვილი.
რაც შეება იმას, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს, აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
“თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ვნახავთ, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებზე მიღებულია უარი და სამწუხაროდ, ეს არის გზა თვითიზოლაციისკენ”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები