დეპუტატი თვლის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სასამართლოზე მიმართული იერიში არ გამოუვიდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორს არ გამოუვიდათ ერთიანი იერიში სასამართლო ხელისუფლებაზე.
“რამხელა ცინიკოსი უნდა იყო ადამიანი, საუბრობდე სიძულვილის ენაზე, მაშინ, როდესაც გვერდზე რომ გაიხედ-გამოიხედო, აღმოაჩენ ადამიანებს, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში, სიძულვილით მართავდნენ ამ ქვეყანას და სიძულვილით უსწორდებოდნენ ქართველ ხალხს. მე მესმის ჩვენი კოლეგების წუხილის, მათ არ გამოუვიდათ ერთიანი იერიში, რომელიც დაგეგმეს სასამართლოზე, რომელიც ერთი მხრივ, გულისხმობდა მოსამართლეების მოსყიდვას, მეორე მხრივ, გულისხმობდა  მათი ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც იყვნენ ჩარჩენილები საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ მუხლების გაუქმებაზე მუშაობას, რომლითაც მათ თავად იცოდნენ, რომ აუცილებლად წააგებდნენ ყველა ინსტანციაში სასამართლო პროცესს და მესამე მხრივ, შავი, ბინძური პიარის გამოყენებით, იმ მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებზეც იცოდნენ ასი პროცენტით, გარანტირებულად- რადგანაც თვითონ არიან იურისტები და ზუსტად იცოდნენ, რასთან იქნებოდა საქმე- რომ ზუსტად ასე დამთავრდებოდა, რომ ისინი წააგებდნენ ყველა ინსტანციაში ამ განაჩენს. დღეს არის დარჩენილი ბოლო ინსტანცია და ჩვენ ვნახეთ იმ ჩანაწერების შედეგად, რომელსაც თავად აღიარებენ, რომ არის ავთენტური, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, სავარაუდო მოსყიდვას და ზეწოლას სასამართლოზე. ანუ დღეს ჩვენ რა გვრჩება: პირველი – ჩვენ აუცილებლად, საზოგადოებამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც გამოვხატავთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესს საქართველოს პარლამენტში, უნდა მოვითხოვოთ საგამოძიებო სტრუქტურებისგან, რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ეს საქმე; მეორე – აუცილებლად, როდესაც იქნება სასამართლო განხილვა საკასაციო წესით და და პალატით განხილვა, მონაწილეობა მიიღონ იმ მოსამართლეებმა, რომელთა მიმართ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ეს რაც შეეხება სასამართლოს და პირადად ჩვენ, ამას ვაფასებთ, როგორც კერძო დავას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ ადამიანს,რომელიც დღეს დაობს თავისი კერძო ქონების დასაბრუნებლად, წინა ხელისუფლებამ, კონკრეტულად, წინა ხელისუფლების ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის სახელით, ეს ქონება წაართვა. ეს არის ის პოზიცია, რასაც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გამოხატავს”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები