დეპუტატი ოპოზიციას და “რუსთავი 2”-ის დირექტორს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” და “რუსთავი 2”-ის დირექტორ ნიკა გვარამიას სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მათ საზოგადოებას პასუხი უნდა გასცენ.
“ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტებზე, რომელიც საზოგადოებისთვის დამატებით ცნობილი გახდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე სისტემატიური ზეწოლის მანკიერი პრაქტიკა “ნაციონალური” ხელისუფლების სრულად და კონკრეტულად, ყოფილი მთავარი პროკურორის, ნიკა გვარამიას ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ყოფილი მოძალადე ხელისუფლების მხრიდან, მოსამართლეებზე განხორციელებული დანაშაულებრივი წნეხი, განაპირობებდა მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ევროსასამართლოს მიერაც არაერთხელ დადასტურდა. და აი, დღესაც, როდესაც სასამართლო გათავისუფლდა ყოველგვარი სახელისუფლებო წნეხისგან და მესამე ხელისუფლებას მიეცა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად საქმიანობის საშუალება, ყოფილი მოძალადე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ყოფილი მთავარი პროკურორის და ამჟამად სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლის მანტიაში გადაცმული ნიკა გვარამიას თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით, კვლავ აგრძელებენ სასამართლოს საქმიანობაში უხეშად ჩარევის მცდელობას. გვარამიასვე ჩაწერილი საუბრის ავთენტურობის დადასტურებამ წარმოშვა ლეგიტიმური ეჭვი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას კორუფციულ გარიგებაზე. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას შემდეგ გარემოებას – საჯარო ინფორმაციამ დაადასტურა, რომ აწ უკვე ყოფილ მოსამართლეს საკუთრებაში რამდენიმე მილიონით შეფასებული ქონება აღმოაჩნდა. ამ ბატონებმა უნდა გასცენ საზოგადოებას პასუხი, რისთვის, რისი გაკეთების სანაცვლოდ მიიღო აწ უკვე ყოფილმა მოსამართლემ მრავალმილიონიანი ქონება. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ გვარამიას ეს უსაგნო ისტერია და უტიფარი სპექტაკლი, საკუთარი ტელევიზიის გათიშვის ჩათვლით, სინამდვილეში, მისი და უცხოეთში გადახვეწილი მისი პატრონების მიერ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის, გადაფარვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. უკვე ყველა ხედავს, რომ საქართველოში სასამართლო დავები არც ქუჩაში და არც სხვა რაიმე სახის ზეწოლით არ გადაწყდება. ამას მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფი ვერ ეგუება. მათ მიერ მოტყუებულ ადამიანთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. დღეს მედიის ხელშეუხებლობა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, როგორც არასდროს. დღეს, როგორც არასდროს, სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს და აღიკვეთოს სასამართლოს საქმეებში ჩარევის და მოსამართლეებზე ზეწოლის ყველა მცდელობა. დამნაშავე პირებმა კი, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა აგონ პასუხი! ხოლო სასამართლოს მიეცეს მშვიდად მუშაობის საშუალება”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები