მიხეილ ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება

„ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება”,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ წამყვანი ფრანგული არხის “France 24″-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გასულ წელს სამაგალითო ქვეყანა იყო რეგიონში ევროპული სტანდარტების დანერგვის, ტრანსფორმაციის, ქვეყნის ინსტიტუტების განვითარების, საზღვრის კონტროლის დაცვის, მიგრაციისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით.
„ 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლამ, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს პოლიტიკური, სექტორული და სავაჭრო ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა, ხოლო ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ წაახალისა ექსპორტი, როგორც ევროკავშირისა საქართველოში, ასევე პირიქით, რაც თავის მხრივ, ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური მოძრაობის აუცილებლობას ბადებს, რათა როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა შეძლონ დაესწრონ სხვადასხვა ბიზნესღონისძიებას. 2014 წელს, ასოცირების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოს N 1 სავაჭრო პარტნიორი გახდა. გასულ წელს გაიზარდა ევროპული ინვესტიციები საქართველოში, მიმდინარე წელს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება”, – აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, 2013 წლიდან, როდესაც საქართველომ VLAP-ის იმპლემენტაცია დაიწყო, ევროკავშირის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად, საქართველომ ბევრი რეფორმა განახორციელა.
„ სწორედ ამ რეფორმების წარმატებით განხორციელებამ განაპირობა ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური დასკვნის მიღება, რაც ეყრდნობოდა საქართველოში არსებულ პოზიტიურ სიტუაციას. რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, ჩვენ გვესმის, რომ ევროპა უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ, შეაჩეროს ის, გამომდინარე აქედან, საქართველო აქტიურად იყო ჩართული პროცესში, იმისათვის, რომ საერთო ინტერესებზე დაყრდნობით, მივსულიყავით ყველასთვის მისაღებ შედეგამდე”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, წამყვანი ფრანგული არხის “France 24″-ის ინგლისურენოვან გადაცემა „Talking Europe”-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები