მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დაიწყება

მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები იწყება. გატარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და სხვა. ასევე, განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება.
სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები ჩაერთვებიან. პროცესის მიმდინარეობისას, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად, ორ ლოკაციაზე განხორციელდება – ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან (რესტორან „აფხაზეთის“ მიმდებარედ).
კომპლექსური ღონისძიებების ციკლი ხვალ დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები