მარიამ ჯაში კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმში მონაწილეობდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. კერძო კოლეჯების ასოციაციამ და დამსაქმებელთა ასოციაციამ 2 წლის მუშაობის შედეგები და ის გამოწვევები მიმოიხილეს, რომელიც პროფესიული განათლების სფეროს წინაშე, განსაკუთრებით, კერძო კოლეჯების წინაშე დგას.
ასოციაციის ხელმძღვანელებმა თავიანთ მოხსენებებში კერძო კოლეჯებში სტუდენტების შემცირების მიზეზებზე ისაუბრეს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია განათლების სფეროს მიმართულებები, მათ შორის, პროფესიული განათლება, რომელსაც მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებული როლი ექნება მინიჭებული არა მხოლოდ 4 წლის განმავლობაში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
„პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რადგან იმ 200 000-ზე მეტი დასაქმებულიდან 80%-ზე მეტი სწორედ პროფესიული განათლების კურსებზე იქნება განსაზღვრული. ჩვენ ძირითადი აქცენტები უნდა გავაკეთოთ როგორც ხელმისაწვდომობაზე, ასევე ხარისხზე და საბოლოო შედეგზე, რომელიც იქნება დასაქმების მაჩვენებლებში ასახული“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს დარგის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე ესაუბრა.
მოკლევადიან გეგმებს შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს და რომელიც გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, მარიამ ჯაშმა საკანონმდებლო ჩიხები დაასახელა. ერთ-ერთ მაგალითად მან მოიყვანა პროფესიული განათლების გაგრძელების შესაძლებლობა უმაღლესი განათლების სისტემებში.
„ამასთან დაკავშირებით, კანონპროექტი როგორც კი იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, გავმართავთ საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად იყოს შეჯერებული ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება გრძელვადიან, მეორე ეტაპის ხედვას, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, მასში სწორედ ისეთი ძირეული საკითხებია, როგორიცაა დაფინანსების შესაძლებლობები, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხები. მისი თქმით, ეს თემები ბევრად უფრო სიღრმისეულ განხილვას და ანალიზს მოითხოვს. საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაფინანსების სქემებში განსხვავებულ მიდგომასთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელსაც როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობა და შესაბამისი გადაჭრის გზები სჭირდება.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანაბარი პირობების შექმნა საჯარო და კერძო სექტორისთვის, იმ თანაბარი დაფინანსების მოდელების შექმნა, რომელიც რეალურად იქნება დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობა. ჩვენ ვაუჩერების სისტემა ავტომატურად კი არ უნდა გადმოვიტანოთ, არამედ დაფინანსების ერთიანი პლატფორმა უნდა შევქმნათ, რომელიც სტიმულირებას გააძლიერებს და მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს. ჩვენ მზად ვართ სისტემის გაჯანსაღებისთვის და განვითარებისთვის, რომელიც უფრო მეტ დასაქმებამდე და უფრო მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობამდე მიგვიყვანს,“-განმარტა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები