უფასო გამოკვლევები გრძელდება – სკრინინგის პროგრამის დეტალებს ჟურნალისტები ეცნობიან

თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობისა და სკრინინგის პროგრამის სპეციფიკის გასაცნობად, ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ქართული მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ თავად გაევლოთ ის პროცედურები და უფასო გამოკვლევების იმ ეტაპებს დაჰკვირვებოდნენ, რომლებსაც სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს და რომელსაც სრულად აფინანსებს თბილისის მერია. ასევე, დაეთვალიერებინათ თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც სკრინინგის პროგრამის სხვადასხვა საფეხურზე, კიბოს ადრეული დიაგნოსტირების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს ესადაგება.16901623_1516703328354805_486485780_nეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის, პროფესორ რემა ღვამიჩავას ინფორმაციით, ამ სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასოდ ჩაიტარონ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის გამოკვლევები. სკრინინგის პროგრამით ძუძუს გამოკვლევები უფასოა 40-დან 70 წლის ჩათვლით, საშვილოსნოს ყელის – 25-დან 60 წლის ჩათვლით, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის – 50-დან 70 წლის ჩათვლით.
მისივე თქმით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობა, 2008 წლიდან, ძირითადად სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებულ გამოკვლევებზე ფოკუსირდება. ცენტრის სამედიცინო პერსონალი, დიდუბისა და ვარკეთილის ფილიალში, სკრინინგის პროგრამის 4-ვე მიმართულებით, დღეში საშუალოდ 200-მდე გამოკვლევას ატარებს.
” შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელიც კვალიფიციური კადრების დახმარებით 9 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა. ამიტომ, ჩვენს მოსახლეობას შეგვიძლია თამამად ვუთხრათ: ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, ენდეთ ჩვენს პროფესიონალიზმს, გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა!“ – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.
ჟურნალისტები, ასევე გაესაუბრნენ ქალბატონებს, რომლებმაც სკრინინგის პროგრამით ძუძუს კიბო დაამარცხეს, დროულად ჩაიტარეს პროფილაქტიკური გამოკვლევები და მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდნენ. ისინი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით შექმნილ, „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ არიან გაწევრიანებულნი, რომელიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციებ 500-მდე ქალს აერთიანებს.
მედიატურის დასასრულს, ჟურნალისტებს გადაეცათ ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის სიმბოლოები – „სიბრძნის მარგალიტი“, სხვა საჩუქრები და სიგელები სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ხელშეწყობისთვის.16839342_1516703325021472_2003361029_n
როგორც „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრმა ლია გოცირიძემ განაცხადა, დიდი სულიერი ტრავმა მიიღო, როცა დაავადების შესახებ შეიტყო. სკრინინგ ცენტრის დახმარებით კი, შეძლო დაავადებას გამკლავებოდა.
ამავე კლუბის წევრი, ნინო ცალუღელაშვილი აცხადებს, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, სკრინინგ ცენტრში კონსულტაციისთვის ყოველწლიურად დადიოდა და დაავადება, 2013 წელს შემთხვევით აღმოაჩნდა.
“როცა ადამიანი მძიმე დაავადების დიაგნოზით მკურნალობს, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სკრინინგ ცენტრში ოჯახური სითბო დამხვდა და მათი დახმარებით დაავადება დავამარცხე”,- აცხადებს იგი.

რას ნიშნავს სკრინინგი?
სკრინინგი, ინგლისური სიტყვა screen-დან მომდინარეობს და გადარჩევა – გამოხშირვას ნიშნავს. სკრინინგის პროგრამები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ იმისთვისაა დანერგილი, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს. ამ შემთხვევაში კი, განკურნების ალბათობა 95% – მდე იზრდება. ამავე დროს, გაცილებით მცირეა მკურნალობის ხარჯები, ვიდრე კიბოს შორს წასული ფორმების მკურნალობისას.
UICC – ის (The Union for International Cancer Control) მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველ თვეში, კიბოს დიაგნოზით 600 ათასი ადამიანი იღუპება, რომელთა დაავადების პრევენცია ან მკურნალობა სწორი სკრინინგ-სტრატეგიის შემთხვევაში შესაძლებელია.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორ რემა ღვამიჩავას განმარტებით, ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა, პირველ და მეორე სტადიაში, ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიაზე იჩენს თავს, როდესაც კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებული, ან უშედეგოა.
მისივე თქმით, კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდა.16839617_1516703285021476_1727508792_n“თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით შეუძლია მშვიდად განაგრძოს ჯანმრთელობის კონტროლი, არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება და სრულიად განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში”, – აცხადებს პროფესორი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში, სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შედეგად, ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, რაც არ ნიშნავს კიბოს შემთხვევების მატებას, არამედ – გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს სკრინინგ ცენტრებისთვის მიემართათ, დროულად გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, ევროპელი პარლამენტარების სამიტზე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამა სამაგალითოდ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის და დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით – „სიბრძნის მარგალიტი“.  2008 და 2014 წლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს მიენიჭა „ქართული ხარისხის ნიშანი“ და მისი მენეჯმენტის ხარისხი და მომსახურება საუკეთესოდ შეფასდა. 2014 წელს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს, დედათა და ბავშვთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის, JSI -ის ჯილდო გადაეცა.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობა, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. მას ხშირად სტუმრობენ აშშ-ს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის, სიეტლის კიბოს ცენტრის, პიტსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის და სხვა ავტორიტეტული დაწესებულებების დელეგაციები.
სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის განმტკიცების მიზნით ეროვნული სკრინინგ ცენტრი  მუდმივად აწყობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებს. მათ შორისაა: „შავი ზღვის  საერთაშორისო კონფერენცია“ – საქართველო 2009; „ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაციის კონფერენცია“ – ბრიუსელი, 2010;  „საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და ციტოლოგია“ – იტალია, 2010;  „ძუძუს კიბოს სკრინინგი“ –  დანია, 2011; „ევროპის ონკოლოგთა სკოლის კონფერენცია“ – საქართველო, 2015, 2016;
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სკრინინგის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, უცხოელი კოლეგების დახმარებით მუდმივად ხორციელდება. ამისთვის ჩატარდა: ქართველ მორფოლოგთა ტრეინინგი ამსტერდამის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტთა მონაწილეობით; ქართულ-ფრანგულივორქ-შოფი კიბოს პრევენციის საკითხებზე; რადიოლოგთა სემინარები საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში.

თბილისის სკრინინგ ცენტრები…

თბილისში სკრინინგ ცენტრის ფილიალები მდებარეობს:  დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის №69-ში და ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩის №12-ში. უახლოეს მომავალში, სკრინინგ ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი, გლდანში გაიხსნება, რაც სკრინინგის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვ ის გაზრდის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.16830518_1516703385021466_1466544543_n
მოქალაქეების
 მიღების დროა 10:00-დან 17:30 საათამდე. ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ცხელი ხაზით: 2 20 35 35 და მიღებაზე ჩაეწერონ.
სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

ძუძუს კიბოს სკრინინგი, 40-დან 70 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს შემდეგ უფასო გამოკვლევებს: მამოგრაფია; პათოლოგიის შემთხვევაში – ძუძუს ექოსკოპია და მამოლოგიური გასინჯვა; საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა.
იმ შემთხვევაში, თუ მამოგრაფიამ პათოლოგია არ გამოავლინა, ბენეფიციარს განმეორებით ვიზიტზე ორი წლის შემდეგ დაიბარებენ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, 25-დან 60 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს შემდეგ უფასო გამოკვლვებსპაპ–ტესტი და გინეკოლოგიური გასინჯვა; პათოლოგიის შემთხვევაში –კოლპოსკოპია; საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა.
თუ პაპ-ტესტითა და გინეკოლოგიური გასინჯვის შედეგად პათოლოგია არ გამოვლინდა, ბენეფიციარს განმეორებით ვიზიტზე 3 წლის შემდეგ დაიბარებენ.
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, 50-დან 70 წლის ჩათვლით (ორივე სქესისთვის), ითვალისწინებს შემდეგ უფასო გამოკვლევებს: ფარულ სისხლდენაზე ტესტი (FOBT); პათოლოგიის შემთხვევაში –კოლონოსკოპია; საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა. თუ ფარულ სისხლდენაზე ტესტმა პათოლოგია არ გამოავლინა, ბენეფიციარს განმეორებით ვიზიტზე 2 წლის შემდეგ დაიბარებენ.
პროსტატის კიბოს სკრინინგი, 50-დან 70 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს შემდეგ უფასო გამოკვლევას: სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევა. თუ PSA ტესტმა პათოლოგია არ გამოავლინა, ბენეფიციარს განმეორებით ვიზიტზე ერთი წლის შემდეგ დაიბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები