პროკურორის მოადგილე: არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული

“გამოძიებას დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სათანადო მტკიცებულებები გააჩნია”, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს ანგარება წარმოადგენდა.
”საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის მომზადებაზე. გიორგი მამალაძის ბარგში, რომლითაც იგი მიემგზავრებოდა გერმანიაში, აღმოჩენილია ნატრიუმის ციანიდი, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. მისი გამოყენების შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგი გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი, ოდენობის თვალსაზრისით, მცირეა, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად”, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
გიორგი გაბიტაშვილმა  გამოძიების დისკრედიტაციის მცდელობაზეც ისაუბრა.
”ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების სპეკულაციებს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გამოძიების დისკრედიტაციას. ლაპარაკი იყო ერთ-ერთი პირის მკვლელობაზე. არ გვითქვამს, რომ ეს პირი შესაძლოა, ყოფილიყო მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რასაც  ამ ეტაპზეც  ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ. პირს, რომლის მკვლელობასაც ამზადებდა გიორგი მამალაძე, ვერ დაგისახელებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. ამიტომ გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით”, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები