გიორგი მარგველაშვილმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი – აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოსა და GCC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და საინვესტიციო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა და ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პერსპექტივას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, მის სატრანზიტო როლსა და სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე.
გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. განიხილეს ასევე, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები.