ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული საავადმყოფოშია – რას აცხადებს შენგელიას დედა

ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე განსასჯელი ბექა შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
“ჩემი შვილი ძალიან ცუდად არის. მას ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება. ძალიან ცუდად არის. სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბექასთვის ადრეც შემიმჩნევია გამოვლინებები, მაგრამ ახლა ძალიან ცუდად არის“, – ამის შესახებ „კვირას“ ბექა შენგელიას დედამ, ირმა გაბრიელაშვილმა განუცხადა.
დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომა ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე განსასჯელ ბექა შენგელიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო. სხდომაზე განსასჯელი ბექა შენგელია არ გამოცხადდა. განსასჯელის ადვოკატის, ლალი ბიწოშვილის ინფორმაციით, შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბიწოშვილის თქმით, საქმეშიც არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შენგელიას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მისივე თქმით, განსასჯელი აგრესიულია და მას ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ. სასამართლო პროცესი, რომელიც დახურულ რეჟიმში იმართება, 24 თებერვალს, 11:00 საათზე გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლო დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის საქმეს იხილავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა” იყო. გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი შეჭამა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები