აშშ-ის საელჩო ე.წ. სამხრეთ ოსეთის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას პროვოკაციას უწოდებს

აშშ-ის საელჩო გმობს არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი.
„ასეთი პროვოკაციული ქმედებები კარგავს ნდობას და აკნინებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება. ორივე რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ კვლავ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც ფორუმს, სადაც განიხილება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ქმედებებს, მათ შორის, შემოთავაზებულ რეფერენდუმს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს“, – წერია საქართველოში აშშ-ის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს  ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.  კერძოდ, დაგეგმილია, რომ “სამხრეთ ოსეთს”  “სამხრეთ ოსეთი-ალანია” დაერქვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები