ტექნოპარკში პროგრამა „ბიზნესინკუბატორის” ღია კარის დღე გაიმართა

ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ბიზნესინკუბატორის” ღია კარის დღე გაიმართა, სადაც ინოვაციების სააგენტოსა და „მართვის აკადემიის” წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ და პასუხი გასცეს სტუმრების შეკითხვებს. ღია კარის დღეზე ასევე, წარმოდგენილი იყვნენ „ბიზნესინკუბატორის” მეორე ნაკადის გუნდები, რომლებმაც სტუმრებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის ,,ბიზნესინკუბატორი” ახალი, მესამე ნაკადის მიღება დაიწყო. „ბიზნესინკუბატორი” არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში გაიარონ საკუთარი ბიზნესიდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.
ინოვაციების სააგენტოს „ბიზნესინკუბატორის” 6-თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. საწყის ეტაპზე, გუნდები 2-კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს” გაივლიან, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, მათ უკვე შედგენილი ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან – „საქპატენტთან”, „დელოიტთან” და „მართვის აკადემიასთან” ერთად ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში, უფასოდ მიიღებს 30 000 ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს, დატრენინგდებიან ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება და სხვა. გუნდებს კონსულტაციებს გაუწევენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში; გუნდები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5,000-მდე ფულად გრანტს პროტოტიპირებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები