2016 წელს, 3229 სილამაზის სალონი დარეგისტრირდა

2016 წელს, 3229 სილამაზის სალონი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. როგორც „კვირას“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, 2016 წელს, 5856 საქმიანობა დარეგისტრირდა. მათ შორის, 3229 საქმიანობა საპარიკმახეროებისა და სილამაზის სალონების მომსახურებას უკავშირდება. საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება სააგენტომ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ყველა ის პირი, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან ან საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასა თუ შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს. დანარჩენ შემთხვევაში კი რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.16735950_1388068421215647_860179611_n
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი ბიზნესსუბიექტების შესახებ მაღალი ხარისხის, სარწმუნო მონაცემთა ბაზის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელშიც თავმოყრილია სრული ინფორმაცია ბიზნესსუბიექტების საქმიანობების შესახებ. სისტემურად აღრიცხული, მუდმივად განახლებადი საჯარო მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობასთან და ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკისა და კვლევების წარმოებას, საქართველოსა თუ ევროკავშირის მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მარტივად მიწოდებას. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ეროვნულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც ხდის.აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები