ეკა ბესელია არასამთავრობო სექტორს: ნუ ეთამაშებით ქვეყნის უსაფრთხოებას

“როდესაც საუბარია ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე,სამოქალაქო სექტორისგან ექსპერიმენტები ძალიან სახიფათოა”, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ე.წ ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოება ექსპერიმენტების სფერო არ არის, რომელსაც სამოქალაქო სექტორი გვთავაზობს.
„ ისინი გვთავაზობენ, რომ ქვეყანაში ჩავატაროთ ექსპერიმენტი და მოვიგონოთ ისეთი სისტემა, რომელიც ჯერ არსად მოუგონიათ. ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ექსპერიმენტების სფერო, ეს არის ძალიან სენსიტიური სისტემა და აქ ყოველგვარი ასეთი თამაში შეიძლება, სერიოზული ზიანის მომტანი და ძალიან საშიშიც კი აღმოჩნდეს. გარდა იმისა, რომ მათი პროექტი ფინანსურად წარმოუდგენლად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ის არის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან მაღალი რისკის შემცველი და ბუნებრივია, სახელმწიფო ამას ვერ გაიზიარებს. ჩვენი ქვეყანა არის მომატებული რისკისა და საფრთხეების ზონაში. ჩვენ მივდივართ იმ მოდელით, რომელიც აპრობირებულია ცივილიზებულ ქვეყნებში. შემოგვაქვს მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, აწესებს კონტროლის ისეთ მექანიზმებს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. მინდა ყველას ვურჩიო: ნუ ეთამაშებით ქვეყნის უსაფრთხოებას და თავი დავანებოთ რაღაც რომანტიკულ მიდგომებს ამ საკითხთან დაკავშირებით. უნდობლობის კამპანიის წარმოება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის სერიოზული ზიანის მომტანი. უკანონო ქმედება, მათ შორის, ფარული მოსმენა შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. ამისგან დაზღვეული არავინ არის. როდესაც ხელისუფლება ისე გაირყვნება, რომ ამაზე წავა, იქ უკვე გასაღების აქეთ-იქით ტარებასაც არ აქვს აზრი. ჩვენ სწორედ იმით განვსხვავდებით წინა ხელისუფლებისგან, რომ თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების სახით გვყავს ძლიერი მაკონტროლებელი. კარგი იქნებოდა, ასეთი შემართებით ყოფილიყვნენ თავის დროზეც, იქნებ იმ ასეულობით ფარულ ჩანაწერსაც ავცდენოდით. მაშინ არ იყო მძაფრი სამოქალქო პროტესტი და ხელისუფლება მთლიანად გაირყვნა“,-განაცხადა ბესელიამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები