თამარ იოსელიანი როტერდამის ნავსადგურის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას და საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრირებულ მუშაობას გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
“როტერდამის საზღვაო ნავსადგური, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წარმატებული პორტი, რომელიც სწორედ „ლენდლორდის” მოდელით ფუნქციონირებს.
ქართული მხარე ადგილზე გაეცნო პორტის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრაციას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან გადაადგილებას.
როტერდამში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო საინჟინრო-საპროექტო კომპანია Royal HaskoningDHV-ის სათაო ოფისში. კომპანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტის ავტორია, რომლის საფუძველზეც სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრაზე სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა, პროექტის შემდეგი საინჟინრო ეტაპები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა Port of Rotterdam Consultants (PCR)-თან, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობს. ყურადღება გამახვილდა გენერალური გეგმის მომზადების პროცესზე, ტერმინალების ოპტიმალურ განლაგებაზე, მულტიმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სარკინიგზო და საპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, ტვირთნაკადების პროგნოზირებასა და ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განვითარების ეტაპობრივ მოდელზე,”- წერია ინფორმაციაში.