ვინ არის ქალი, რომელსაც გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 40 წლის ქალს ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
როგორც გამოცემა შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, 40 წლის ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ – კ.გ.-ს ე.წ. „ქურდული ობშიაკის“ შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. „ქურდული ობშიაკის“ განკუთვნილ ფულს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, 30700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერები – ე.წ. „ქურდული ობშიაკის სიები“ და ძვირად ღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ამ შემთხვევაშიც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აღიძრა.
ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ამ მუხლით ქალს ასამართლებენ, თუმცა საინტერესოა, ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომელთან კავშირსაც მას ედავებიან? “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის თურქეთის ციხეში მყოფი 46 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ კობა გველესიანია. მას ქურდულ სამყაროში „სისინას“ მეტსახელით იცნობენ. გველესიანი პირველად 1993 წელს ქუთაისში გაასამართლეს, მას შემდეგ ის არაერთხელ დააკავეს საქართველოში, რუსეთსა და თურქეთში. 2008 წელს თურქეთის სასამართლომ კობა გველესიანს 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანტალიის ციხეს ის 2032 წელს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები