“მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი” – საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ 28 იანვარს ისრაელში ჩასული ოცდაათამდე ქართველი მგზავრის უფლებები დაირღვა, მეტიც, მათ სამი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან. იურისტი, შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “ნათელი მომავლის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მენაბდიშვილი ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისრაელში დაგეგმილი ჰქონდა საქმიანი შეხვედრა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ეხებოდა.
„როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე, ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტაცია და ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი, რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ. შემდეგ ჩამომართვეს საფულე, რომელშიც 1.000 დოლარი მედო, ამიხვიეს თვალები, სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად ჩამსვეს ავტომანქანაში, ჩამოგვართვეს მობილურები… მერე შეგვიყვანეს შენობაში – ფაქტობრივად, თავისუფლება აღგვიკვეთეს, არ მოგვცეს ოჯახებთან დაკავშირების საშუალება. გვიყვიროდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მერე შემოიტანეს მჟავე და ვადაგასული საკვები, ჩაყარეს ხელ-პირის საბან ნიჟარაში და გვითხრეს, გვეჭამა. ორლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით დასალევად მოგვიტანეს თბილი და ჭუჭყიანი წყალი. ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო… ამასობაში, მაგიდას შევავლე თვალი და პლასტმასის კოვზი დავინახე. ავიღე და ვუთხარი, თუ არ მომეშვებით, ამ კოვზით ვენებს გადავიჭრი-მეთქი. ხელები გადამიგრიხეს და უფანჯრო ოთახში შემაგდეს, 270 დოლარი გადაიხადე და შენს სამშობლოში გაფრინდებიო.
აეროპორტში მივედით, 300-300 დოლარი ჩამოგვართვეს და საქართველოში სხვადასხვა რეისით გამოგვამგზავრეს. ჯერ კიევში, შემდეგ კი თბილისში ჩამოვფრინდი, ჩემი საბუთები საქართველოში დამხვდა, ჩემოდანი კი კიევის თვითმფრინავში. ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ სხვებიც. იქ იყვნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, რომელთაც ოქროული მოჰპარეს. გვეუბნებოდნენ, თქვენს ხელისუფლებას მოსთხოვეთ იმაზე პასუხი, რაც ხდებაო.
ვაპირებთ საჩივრის შეტანას, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ერთადერთი კითხვა მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან: რა ჰქვია ამას და რა იყო მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა შევსულიყავი? ამ მდგომარეობაში 30-მდე ადამიანი აღმოვჩნდით. როგორც მითხრეს, ქართველებს ხშირად უწევთ ასეთი შეურაცხყოფის ატანა ისრაელის მესაზღვრეების მხრიდან. ვითხოვთ, ხელისუფლებამ მსგავს ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს. დავიწყებთ მასობრივ აქციებს და გამოვა ყველა ქართველი, ვინც ამ უკანონობის მსხვერპლია“, -აცხადებს მარიამ მენაბდიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები