ბათუმის ბაღებში დეზინფექციას ცხოველთა თავშესაფრებისთვის განკუთვნილი პრეპარატებით ატარებენ

ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დეზინფექციას ცხოველთა თავშესაფრებისა და ვეტერინარული დაწესებულებებისთვის განკუთვნილი პრეპარატებით ატარებენ. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს. „პრაიმტაიმს“ იმ სადეზინფექციო ხსნარის დოკუმენტაცია მიაწოდეს, რომლითაც ბათუმში მოქმედი ათეულობით საბავშვო ბაღი ბაქტერიებისგან „იწმინდება“, რომელიც არის ბულგარეთში წარმოებული პრეპარატი „სეპტოქვატი“.
ცნობილია, რომ ყველა ასეთ სადეზინფექციო საშუალებას მკაცრად აქვს განსაზღვრული კონცენტრაციის ოდენობა და ექსპოზიციის, ანუ მოქმედების დრო. როგორც გამოცემა წერს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სადეზინფექციო ხსნარის მიწოდებაზე ხელშეკრულება შპს „ სოლოფარმს“ გაუფორმა. როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარმა სანიტარმა, ნანი მელიქიძემ განაცხადა, ანოტაციაში მითითებულია, რომ ზედაპირის დამუშავებისთვის აღნიშნული საშუალებების გამოყენება შესაძლებელია. მელიქიძის მტკიცებით, ხსნარი, რომლითაც ბაღების დეზინფექცია ხდება, უსაფრთხოა.
„ზედაპირების, სათამაშოებისა და სხვა ნივთების დეზინფექციისთვის ეს 0,25-პროცენტიანი ხსნარი აბსოლუტურად გვაკმაყოფილებს. სხვა მოქმედების მექანიზმიც აქვს, კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღში მისი გამოყენება არ შეიძლება. თუ საჭირო გახდა, პროცენტულ მაჩვენებელს გავზრდით. ეს იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე დაავადება გამოგვეპარა. თვეში ერთხელ ვატარებ საბავშო ბაღებში სანიტარიულ დღეს და მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევ, რომ რაიმე ინფექცია არ გავრცელდეს. ეს ნივთიერება ინახება საწყობში. მას ბავშვი თავს ვერ მოხსნის, რადგან სპეციალური ხრახნით არის დალუქული“,-განაცხადა ნანი მელიქიძემ.
კომპანია „ბიოლენდის“ წარმომადგენელი ლევან შეროზია კი დარწმუნებულია, რომ ამ ფორმულით „სეპტოქვატის“ გამოყენება ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ბავშვების დაცვას ინფექციისგან. მისი ვარაუდით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები