უმრავლესობის დეპუტატი ცერცვაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს “ნაცმოძრაობის” მორიგ სპექტაკლს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სამხედრო მოსამსახურე გია ცერცვაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს “ნაციონალურ მოძრაობის” მიერ დადგმულ მორიგ სპექტაკლს უწოდებს.
“პირველი, მინდა ვთქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ფრაქციად დაიყოფა და როგორ იქნება წარმოდგენილი, მთელი ამ წლების განმავლობაში, ამკვიდრებს თავისი საქციელით და თავისი განცხადებებით სწორედ იმ განცდას, რომ პოლიტიკაში ყველაფრის კადრება შეიძლება. ყველაფრის მკადრებლობის სინდრომი გინდათ თქვენ, რომ დაამკვიდროთ ქვეყანაში. თქვენ გინდათ, რომ ადამიანები მიეჩვიონ იმას, რომ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ თემებზე ყველაფრის კადრება შეიძლება, ნებისმიერ თემაზე საუბარი და ნებისმიერ თემაზე იმდაგვარად შემოტრიალება, როგორც თქვენ გნებავთ, რომ თქვენს სპექტაკლებში იყოს დადგმული. ერთს გეტყვით და ძალიან გთხოვთ, რომ ცოტა ხანი თქვენს სმარტფონებს დაანებოთ თავი და შემომხედოთ. თუ ვინმე ვერ მხედავს, აგერ ვზივარ, ბატონო რომან, თქვენ მეძებდით მგონი, ვინ საუბრობსო. თითოეული თქვენთაგანი არის პასუხისმგებელი და ძალიან მაინტერესებს, რა პასუხი გაქვთ გია კრიალაშვილის, მკვდარი ადამიანი სავარძელზე, სკამზე მიბმული მარშუტკაში, ვითომ გაქცევის თუ რაღაც ამბოხის მცდელობის დროს ხელმეორედ დახვრიტეთ თითოეულმა თქვენგანმა.
მე და გია ერთ ეზოში ვიზრდებოდით და ძალიან კარგად ვიცი ეს ადამიანი ვინ იყო და როგორი ვაჟკაცი ადამიანი იყო. ძალიან მაინტერესებს, მაშინ რატომ არავის არ გაგიჩნდათ სურვილი, მეორეჯერ დახვრეტილი მკვდარი ადამიანის თაობაზე რაიმე გამოგეძიათ და რაიმე გეკითხათ. მაინტერესებს, რა პასუხი გაქვთ ამაზე. თუ გაქვთ პასუხი, დიდი სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ არა მგონია, რომ გქონდეთ პასუხი. კოდორის ხეობაში მოაწყვეთ პროვოკაცია თქვენმა ხელისუფლებამ და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩაიხოცნენ ამ პროვოკაციების დროს. ყველაფერს აქვს მგონი საზღვარი და მე მგონი, როდესაც საუბრობთ რაღაცაზე, მოსახლეობას თქვენი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, ჭკვიანური სახით ნათქვამი, თითქოს რაღაც სახელისუფლო თემებზე მოსაუბრე სახეები, არ აინტერესებს. აინტერესებს რეალობა. აინტერესებს ის, თუ ქვეყანაში რა ხდება.
ოპოზიციის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია იმაში, რომ პასუხისმგებლობა როგორც აქვს მმართველ გუნდს, ისე აქვს ოპოზიციას ქვეყნის განვითარებაზე. თქვენ, ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ გსიამოვნებთ პრობლემებზე საუბარი. უკრაინას თავისი პრობლემები აქვს, ამ ქვეყანას. თავისი პრობლემებისთვის ვერ მიუხავს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ დღეს. თქვენ ამასაც სათქვენოდ იყენებთ – თქვენი გუნდისთვის იყენებთ. ცდილობთ, რომ იქ რაღაც ისეთი მოაწყოთ. ახლა ცერცვაძის თემაზე დგამთ სპექტაკლს განაწილებული როლებით, მახარობლის როლი რომ გქონდათ განაწილებული. ამიტომ, სანამ რაიმე კომისიებზე დაიწყებთ საუბარს, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეთ. არ მეთანხმებით ხომ? ძალიან კარგი, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს მომავალში და ძალიან კარგია, რომ ხედავს თქვენს საქციელს და ისმენს თქვენს ფრაზებს. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დაფიქრდება თითოეული ის მოქალაქე, რომელმაც თქვენ მოგცათ ხმა. ძალიან კარგია, რომ კარგად აჩენთ თქვენს სახეს რეალურად”, – აღნიშნა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ლევან კობერიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობის” ინიცირებულ დადგენილებას – “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე” განიხილავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები