დავით სერგეენკო: თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული

სახელმწიფო კანცელარიაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.
„თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული, მისი მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე დავით სერგეენკომ ვრცლად ისაუბრა რეფორმის მიმდინარეობისა და მისი ეფექტურობის შესახებ. მან განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის სამომავლო გამოწვევებზე გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის რეალურად ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე, ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე“, – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები