ქეთევან ციხელაშვილი: ლუკავას გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული და აქტუალური საკითხია
„ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ გიორგი ლუკავას ცემის ფაქტი და ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, რასაც ოჯახის წევრები ავრცელებენ, არ დასტურდება“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ლუკავას გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან პრიორიტეტული და აქტუალური საკითხია.
„ლუკავას გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან პრიორიტეტული და აქტუალური საკითხია. ამაში ყველა შესაბამისი მექანიზმია ჩართული. ჩვენი ინფორმაციით, მისი ცემის ფაქტი და ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, რასაც ოჯახის წევრები ავრცელებდნენ, არ დასტურდება“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ციხელაშვილი ასევე, გიორგი ლუკავას მეუღლის შიმშილობის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ლალი ბასარიას გულშემატკივრობს და ურჩევს, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.
„ჩემთვის გასაგებია ოჯახის ემოცია, დამოკიდებულება და სურვილი – სწრაფად გათავისუფლდეს ლუკავა. მისი მეუღლე, რამდენადაც ვიცი, შიმშილობს. მე მის ემოციასაც ვგულშემატკივრობ. ასევე, მინდა, რომ ის საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს, როგორც მრავალშვილიანი დედა და დარწმუნებული იყოს, სახელმწიფო ყველა შესაბამის მექანიზმს გამოიყენებს, რათა გიორგი ლუკავა უკანონო პატიმრობისგან გაათავისუფლოს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა, რომელიც დრანდის ციხეში იმყოფება, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მძიმე ბრალდებითაა გასამართლებული და 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე არაერთხელ დააყენეს და მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება მოითხოვეს.
გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნით, უკვე რამდენიმე დღეა, მისი მეუღლე – ლალი ბასარია მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობს.