ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეამცირებს

„იყო გარკვეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება მსჯელობა, თუმცა, მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის შენიშვნებს ან სრულად იზიარებ, ან არ იზიარებ. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, აქედან გამომდინარე, კენჭი ვუყარეთ პირველ რედაქციას და კანონპროექტების პაკეტი პირვანდელი სახით მივიღეთ“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტების შეკითხვას, გაიზიარებს თუ არა პარლამენტი შენიშვნების ნაწილს მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ განხილვისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და რეფორმები ამის საფუძველზე გაგრძელდება.

„ჩვენი  საბოლოო მიზანი არის ევროპული სტანდარტების სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. თქვენ გახსოვთ, რამდენად მძიმე იყო ჩვენი სასტარტო პოზიცია 2012 წელს, პრაქტიკულად, მთლიანად იყო დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის სერვერიც კი იუსტიციის სამინისტროს შენობაში იდგა. საქართველოში სასამართლო სისტემა,პრაქტიკულად, არ არსებობდა. ნულოვანი კი არა, ასე ვთქვათ, მინუსის ნიშნულიდან ავიღეთ ჩვენ სასტარტო პოზიცია. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ჩვენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომლებზეც ხელისუფლების ოპონენტები უთითებენ და აღნიშნა, რომ ოპონენტები მხოლოდ ისეთი საქმეებზე საუბრობენ, რომლებთან დაკავშირებითაც მათი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

„ეს არის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საქმე და ჩვენ ვნახეთ უგულავას მაგალითზე, რომ მან თავად აღიარა თავისი დანაშაული და თავად აღიარა, რომ ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი, და მეორე, ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ დე ფაქტო მესაკუთრე ტელევიზიის არის, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ეს არის მოცემულობა, არცერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რეალურად, არ გამოითქმება არსებითი ხასიათის შენიშვნები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე სასამართლო სისტემა  დაშინებისა და რეკეტის ინსტრუმენტი იყო და ეს პრაქტიკა,„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღიკვეთა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების ფუნდამენტური მიღწევაა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეფორმები გატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები