უმრავლესობის დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი ყურადღება დაუთმოს
უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მოქალაქეების სოციალურ უფლებებს. “მინდა შევუერთდე იმ სიხარულს, რაც გამოიწვია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამ. ყველას მივულოცო ვიზალიბერალიზაცია. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც ამ პროცესში, ამ პროცესის წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. ყველა დიპლომატს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ევროპარლამენტარების და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წარმომადგენლებს ევროპარლამენტში, რომლებმაც ერთხმად მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, რომ ევროპა დაფუძნებულია სწორედ სოლიდარობისა და ურთიერთკონსულტაციის ამ ორ მთავარ ღირებულებაზე და რატომ ვამბობ ამას – ეს წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმ წინსვლით, რომელიც ეფუძნება განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების განხორციელებას და ამ რეფორმებს, რომლის საფუძველზეც უდავოა, რომ ამ თვალსაზრისით სიტუაცია შეცვლილია. ამას ადასტურებს ის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, რომელიც გამოქვეყნდა, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას თუ არ დავუთმობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ უფლებებს, დამერწმუნეთ, რომ ეს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები მათი მხრიდან უბრალოდ გამოუყენებელი დარჩება და ნაწილი ჩვენი საზოგადოებისთვის ეს უფლებები აზრს დაკარგავს”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა. დეპუტატი რუსთავის აზოტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა. “მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მე და ჩემი კოლეგა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატების სახელით იქ გაფიცულ და აქციაში მონაწილე მუშებს და მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ აქ არის სივრცე მეგობრებო. ჩვენ თუ გვინდა ევროპული საზოგადოება და ევროპული სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ, დამერწმუნეთ, რუსთავში არის სივრცე მოლაპარაკებების ისე, რომ შესაბამისად კონსესუსის საფუძველზე ყველასთვის მისაღები შედეგი შეიძლება იქნას მიღწეული. ამიტომ, ჩვენ გვაქვს სამმხრივი დიალოგის ფორმატი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტიტუციური მოდელები, რომლის ფარგლებშიც შეიძლება იქნას ეს განხილული, რადგან ჩემი ინფორმაციით, იქ არსებობს, კიდევ ერთხელ, მოლაპარაკებების ის სივრცეები, რომელის შესაძლებლობას მოგვცემდა უბრალოდ, რომ ამ ადამიანებისთვის ის სამუშაო ადგილები შეგვენარჩუნებინა, რაც არის აუცილებელი. ამიტომ, მივესალმები თუ ეს პროცესი დაიწყება და ჩვენც, დეპუტატები, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით ამაში” , – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.