არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს: ცდილობთ სპექტაკლი დადგათ, თითქოს ხელისუფლებას უნდა დაახშოს „რუსთავი 2“ და დახუროს არხები

არ მინდა შეგახსენოთ, როგორ კონტროლდებოდა მედია და როგორ სადისტურად იყო დაცული ადამიანის უფლებები თქვენი მმართველობის პერიოდში, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების მიზანი არცერთი ტელევიზიის დახურვა არ არის.
მან შეურაცხმყოფელი უწოდა ჟურნალისტების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, რომ ისინი ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
„მინდა ჩემს ოპონენტებს შევახსენო, რომ მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევა. მე არ მინდა ახლა ექსკურსი გავაკეთო და შეგახსენოთ, როგორ კონტროლდებოდა მედია თქვენი მმართველობის პერიოდში და ადამიანის უფლებები როგორ სადისტურად იყო დაცული. ისინი, ვინც ცდილობთ სპექტაკლი დადგათ, თითქოს ხელისუფლებას უნდა დაახშოს „რუსთავი 2“ და დახუროს არხები, თქვენ ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის პირობებში, სწორედ მაშინ ცდილობდით „რუსთავი 2“ გამოგეყენებინათ ინსტრუმენტად არჩევნების პერიოდში.
ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ და მეტსაც გეტყვით, შეურაცხმყოფელია უბრალოდ ჟურნალისტთა მთელი კორპუსისთვის, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ „რუსთავი 2“- ის ხელმძღვანელი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ იმედის ჟურნალისტები, პრესაში დასაქმებული ჟურნალისტები, ბეჭდურ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტები არიან მორჩილები?!“,-განაცხადა ოპოზიციის მისამართით უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები