სოსო ვახტანგაშვილი: ეთნიკურად ქართული მიწისთვის „ალანიას“ დარქმევა იქნება დანაშაული კაცობრიობის წინაშე
საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, ქართულ ტერიტორიაზე დაანონსებულ პლებისციტს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ეროვნული ფორუმის“ წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი იმ პლებისციტს ეხმაურება, რომელიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დააანონსა და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის „ალანიას“ დარქმევას ითვალისწინებს.
ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ იდეა წლების მანძილზე მოსკოვთან შეთანხმებით მზადდებოდა.
„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებენ პლებისციტის ჩატარებას,რაც დაუშვებელია. ისტორიულად ეს არის ქართული მიწა, აქ ოსური ეთნოსის არანაირი კვალი არასდროს არ ყოფილა აღმოჩენილი. ამ საკითხზე კრემლში წლების მანძილზე მიდიოდა მსჯელობა, იყო იდეა „ორი ოსეთის“ გაერთიანებაზეც, თუმცა ეს იდეა კრემლშივე დაიბლოკა, ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ისტორიულ ქართულ მიწას ალანია დაერქვას და იარსებოს ორმა ალანიამ. ეთნიკურად ქართული მიწისთვის „ალანიას“ დარქმევა იქნება დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთონ რეზონანსული რეაგირება, სხვა შემაკავებელი ბერკეტი ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ არ გაგვაჩნია“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.