თამარ ჩუგოშვილი:კონგრესმენების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიდი დაინტერესება არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტი გრძელდება.
პარლამენტის წევრებმა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები კონგრესმენებთან პიტერ როსკამთან, მაიკლ ტერნერთან, მაიკ კონავეისთან, სტივ კოენთან, უილ ჰარდთან, რობერტ ადერჰოლტთან და დინა ტიტუსთან გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზე, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების წარმატებებზე და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მომავალ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
„ამერიკის კონგრესში საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. კონგრესმენების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიდი დაინტერესება არსებობს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და იგი არის წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა მიდიოდეს წინ. კონგრესის მხრიდან ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კუთხით სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ და მოხარულები ვართ, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ასეთი მეგობრები გვყავს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამერიკის კონგრესმენებთან შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საინტერესოდ და მნიშვნელოვნად შეაფასა. მისი განცხადებით, როგორც „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არსებობს და შეხვედრებზე ამერიკელი პარტნიორებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღეს. „გარდა ინსტიტუციური და დემოკრატიული გაძლიერებისა, ჩვენ გვქონდა საუბარი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გვაქვს მყარი გარანტიები იმისა, რომ კონგრესი ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარებაში დაგვეხმარება”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თვის ბოლოს კონგრესმენი პიტერი როსკამი თბილისს ეწვევა, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია. ამერიკის კონგრესში გამართულ შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძეც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები