რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის დაწესებას მიესალმება.
“ეს უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა. საქართველო ამაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეზღუდვებს მოუხსნის. ევროპა ამჟამად მათ ვიზებს საერთოდ არ აძლევს, ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ ასეთი მიდგომა ჰუმანური ნამდვილად არ არის“, – განაცხადა კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. კარასინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირის წინაშე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების საკითხს დააყენებს.
„რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ჩვენ არაფერი გვაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს. მაგრამ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს და ეს ორი თემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო“, – განაცხადა კარასინმა. წყარო: “ინტერფაქსი”