“ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ ხდება, ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ კრიმინალურ საქმეებზე”
“გია ცერცვაძის საქმეს ვიცნობ, საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა.
კარასინის მტკიცებით, რუსულ მხარეს აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და ქვეყანა ინტერპოლში მოთხოვნას უსაფუძვლოდ არ აგზავნის.
კარასინი ამბობს, რომ რუსეთს ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ აქვს გამოცხადებული და საქმე მხოლოდ კრიმინალს ეხება.
”ცერცვაძის საქმეს ვიცნობ და ამ საკითხზე დღეს ვისაუბრებთ. საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა. დოკუმენტაცია გვაქვს. ჩვენ უსაფუძვლოდ ინტერპოლში მოთხოვნას არ ვაგზავნით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არგუმენტებს გავცვლით, რადგან ეს ჰუმანიტარული საკითხია. ყველა თემა, როგორიცაა ბრალდებები, ძებნა და ა.შ, ანუ, რომელიც ადამიანებს ეხება, ჰუმანიტარულ სფეროს მიეკუთვნება. ჩვენ გაგვაჩნია წყაროები და ვფლობთ ინფორმაციას. რაც შეეხება ნადირობას ქართველ სამხედროებზე, ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ კრიმინალურ საქმეებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთის ან საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი.
მაგალითისთვის, საქართველოში იმყოფება პიროვნება ლაკაევი, რომელიც აფხაზეთში რუსი დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის ახლა პატიმრობაშია და სასჯელს იხდის, მაგრამ მის საქმეზეც ვილაპარაკებთ დღეს”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უარყო, რომ კარასინის მიერ დასახელებულ თემებზე აპირებენ დღეს საუბარს. როგორც აბაშიძემ განმარტა, ის ამ საკითხისთვის არ მომზადებულა.
„მე არ მოვმზადებულვარ ამ საკითხისათვის, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. თუ მან დაიწყო ამაზე საუბარი, მოვუსმენ და გეტყვით, რას მეტყვიან. ჩვენი პრინციპი ასეთია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოებს არ გადავცემთ. თუ უფრო დეტალურად და არსებითად უნდათ ამ საკითხის განხილვა, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.